Quantcast
Channel: "მარანი" - მარნის პროზა
Viewing all 392 articles
Browse latest View live

ნუგზარ შატაიძე - ცოფი

$
0
0

ჩვენი ჯერ არ მოგვეკრიფა, ხეივნისა, ჯერ ისევ ესხა და სჭამდნენ ჩიტები. გაუვარდებოდა ჩემი კაცი ყვირილითა და ტაშისცემით, გაეცლებოდნენ ის გასაწყვეტლები, შესხდებოდნენ, შეიხორხლებოდნენ თუთაზე და გამოსცქეროდნენ იქიდან, შინ რო შემოვიდოდა, აიშლებოდნენ, მობრუნდებოდნენ და დაუწყებდნენ ისევ ჭამას. ახლა უნდა გენახა, ქა, ზოგი თავდაყირა ეკიდა, და ისე კიკნიდა მარცვალსა!დატანჯეს კაცი.მე ვუთხარი, ადექი, მოკრიფე და მოიშორე-მეთქი!აბა რას ამბობ, ქალო, მჟავეა ჯერაო.მა ეგ ჩიტები რაღამ დააქიმითა-მეთქი, ქა?!რა ვიცი, გაუწყდათ მაგათ სინსილაო!გაიტანა ბოლოს სკამი, დაჯდა, დაიჭირა ცოცხი და დაუწყო ქშევა. ჯერ ახლო არ ეკარებოდნენ. ისხდნენ ზოგი კაკალზე, ზოგი თუთაზე და უყურებდნენ იქიდან. მერე ნელ-ნელა გაუბედეს – ჯერ ერთი მოფრინდა, მერე – მეორე. სხედან, განა სჭამენ ან რამე, არა, სცდიან, აბა ერთი, რას იზამსო. აიშალა ბოლოს მთელი დუნდგო და წამოვიდა თათრის ჯარივითა!ჯერ ცოცხი ესროლა და გააფრთხო, მაგრამ ისევ რო მოფრინდნენ, ატეხა ერთი ტაშისცემა და ყვირილი – აგინებს, აგინებს, რო მეტი არ იქნება, აღარ შეარჩინა მკვდარი და ცოცხალი, მაგრამ არ ეპუებიან, ქა?!ჩამოიარა ეფრემას ბიჭმა, გადმოეყუდა ღობეზე და უყურებს გაკვირვებული: რა იყო, გოგი, რა მოგივიდაო?!რაღა რა მომივიდა, კაცო, გამაგიჟეს ამ ჩიტებმა, ყურძენს მიჭამენო!მერე, არ იცი მაგათი წამალიო?რა წამალიო?რაიო და კონსერვის კარობკები უნდა დაუკიდოო!რა კარობკები, ბიჯო, რას ამბობო?!მე ვუთხარი – შენი ჭირიმე, კოლა, მოდი, თუ იცი რამე, გვასწავლე, თორე დაიტანჯა კაცი, აი, ქათმები, რომელსაც ხელს დაადებ, იმას დაგიკლამ-მეთქი!წავიდა, მოიტანა საიდანღაც ერთი დიდი კალათა თუნუქის კოლოფი, ჩამოამწკრივა მთელ ხეივანზე და ერთმანეთზე მავთულით გადააბა, მერე უცებ, ჩამოსწია ის მავთული და ისეთი ჟღარუნი აუყენა, რო ძაღლმა კუდი ამოიძუა და ეზოდან წკავწკავით გავარდა. ჩიტებს ხო თვალიც ვეღარსად მოვატანეთ!დავუკალი კარგი ჯაჭვედა დედალი, გავუშალე ლაზათიანი სუფრა, მაგრამ სულ ტყუილად...ჯერ კი ერიდებოდნენ, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ, ისე გაუთამამდნენ, რო აინუნშიც აღარ აგდებდნენ.მოკლედ, სულ გაგალეს მთელი ხეივანი, ერთი საღი მარცვალი აღარსად შეარჩინეს!..დარჩა ეს საწყალი ჩემი ქმარი იმ წელიწადს უღვინოდ და ჩამოყარა ყურები, მაგრამ ჩამოიარეს ერთ მშვენიერ დღესაც ვიღაც ჯეელმა ბიჭებმა ყვირილით – ყურძენი, დასაწური ყურძენიო!გავედით, გავხედეთ – კახელები არიან დიდი მანქანითა.რას აფასებთო?ორმოცდაათ თეთრს კაპიკი არ მოაკლდებაო.მუქთი, ქა?!გავუსინჯეთ გემო – შაქარი!განა შეევაჭრა, ან რამე, არა! ბიჭის ქორწილისთვის რის ვაინაჩრობით შეკოწიწებული ერთი ხუთასი ლარი მქონდა შენახული, მაიტა აქაო! და გამოვუტანე, რაღას ვიზამდი...ჩვენ ახლოს არ მიგვაკარეს – იმ კახელებმა სულ თავისი ზურგით შეზიდეს მარანში ერთი ტონა ყურძენი და გაამსეს საწნახელი. გოგიამ თვალი მიყო – აბაო, დატრიალდი ეხლა შენებურათაო და გავუშალე მეც კარგი სუფრა.დასხდნენ და დაიწყეს პატარა ჭიქებით სმა. ახლა სჭამენ, სჭამენ, საწყლები, რო სულ ერთმანეთსა სტაცებენ ხელიდანა. მშივრები, ქა?!მამიკვდა გული...ცოტა რო დანაყრდნენ, ერთი ეუბნება: გოგია ძიაო, ამ ყურძენს ძაან მაღალი შაქრიანობა აქვს და, იცოდე, წყალი უნდა დაასხაო, ას ლიტრაზე ათი ლიტრა მაინც უნდაო.ხოოვო, ეგრეაო, - უთხრა მეორემაც, შოფერმა, - არ დაასხამ და ცოფი გამოგივაო.დავასხამ, მა რას ვიზამ, კაცოო, მააო! – და ეცინება ულვაშებში თავისებურად.ის ბიჭები რო გააცილა, მობრუნდა და – აბა, დედაკაცო, წყალი გაათბე, ფეხები უნდა დამბანოო!მე ვუთხარი, კაცო, ნასვამი ხარ, დაწექი, დაისვენე, სად გაგექცევა ეგ ყურძენი-მეთქი.არა, თავისნათქვამაა ძალიან...რაღა უნდა მექნა, გავათბე წყალი, ჩავაყრევინე ტაშტში ფეხები და ვბან. რაღაცას ბურტყუნებს თავისთვის, მივუგდე ყური – წყალი არა, მაგათი ყველაყისამაო, გამომივიდნენ ეგენიც მასწავლებლებიო!..მე ვუთხარი, კაცო, გოგი, ადგილის კურდღლისა ადგილის მწევარმა უფრო არ იცის? რახან გითხრეს, კიდეც უნდა დაასხა-მეთქი.ნეტაი შენა, მოგცლიაო და ჩადგა საწნახელში...პირველი წვენი რო წამოვიდა, მომატანინა ჭიქა და დაილოცა – აბაო, მრავალ შემოდგომას დაგვასწროსო, ბარაქა და დოვლათი არ მოგვაკლოს ღმერთმაო! – მიიყუდა, დალია და გაუნათდა თვალები, - რა არი, რა არიო! გასინჯე შენცაო.დავლიე... ტკბილია, ტკბილი, რო ყელსა სწვამს!კაცო, ძაან ტკბილია-მეთქი...მა როგორ გინდაო, ესაო კახური რქაწითელია, განა ჩვენებური კრიკინააო!ხოო და, იმიტომაც უნდა წყლის დასხმა, კრიკინა რო არ არი-მეთქი.აბა, ყური მიგდე, დედაკაცოო, იმათი ანგარიშით, იცი ამას რამდენი წყალი უნდაო? ორმოცდაათი ლიტრაო!ცოტა არ იყოს, მეც შევფიქრიანდი, ქა – ამდენმა წყალმა ემანდ ღვინო არ წაახდინოს-მეთქი და გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს.სამი კვირა ჭაჭაზე ადუღა და მერე ბალონებში გადაიღო. ნოემბერში კიდევ გადაიღო და დეკემბერში, მესამედაც რო გადაიღო, ძმისწულები ჩამოუვიდნენ ქალაქიდან. დალიეს, მოილხინეს. უფროსი ბიჭი იძახდა, კახურად დავასხათ, კახურად, თორე დაგვხოცამს ესაო, ძაან მაგარიაო! მაგრამ ვინ დაუჯერა, სუ პირთამდინ ავსებდნენ და ბოლომდინ სცლიდნენ.ჯერ ის საღვინეც არა ჰქონდათ ძირამდინ დაყვანილი, რო უმცროსი ბიჭი აუხირდა – შენაო, ბიძაჩემოო, ჩემი ძმა გიყვარს და მე არაო!აბა, რას ამბობ, კაცოო?!რასაც ვამბობო!არაო, შვილოო, შენც მიყვარხარო!არაო, არ გიყვარვარო!მიყვარხარო!არ გიყვარვარ, შენი ასე და ისეო! – და წამოავლო საღვინეს ხელი.ატყდა ერთი დავიდარაბა და წიოკი.ეს დიდი ბიჭი შუაში ჩავარდა, ეხვეწება, ემუდარება – კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, ცოფი ხო არ დალიეო! მაგრამ აღარა ქნა, ქა, ისეთი პირით აგინა, ისეთები უთხრა, რო ყურში არ შეიშვებოდა. ბოლოს წამოხტა და გავარდა იმ უკუნეთში გარეთ.ავიღეთ ფარნები და წავედით სამივენი საძებნელად, მაგრამ რაღას ვიპოვნიდით, დაეკრა თურმე ფეხი და ქალაქში წასულიყო.მივბრუნდით შინა. ისეთები ვართ, დანა რო დაგვკრა წვეთი სისხლი არ გამოგვივა, არც მე და არც იმათ.არ უნდა მეთქვა, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და ვეღარ მოვითმინე – კაცო, ხო გითხრეს და რატო არ დაასხი ის ოხერი წყალი-მეთქი!ჰე, გაგიჟდა, გასულელდა, სუ მილეწ-მოლეწა ყველაფერი. ძმისწული რო იქ არა ჰყოლოდა, უსათუოდ მომკლავდა!არაო, - იმანა თქვა, - ღვინო რა შუაშიაო, პირველად ხო არ აკეთებს, არ იცით, რანაირი ხასიათი აქვსო?ერთი კვირის მერე ჩვენი ბიჭი მოვიდა, ენაცვალოს იმას დედა!ბიჭო, გურამო, ეს ახალი ღვინო რო არ გაგისინჯია შენაო?დასხდნენ და დაიწყეს სმა.გოგია კახურად ასხამს, ლამის ნახევრად ავსებს ჭიქებსა, ის კიდევ: თითო პალტავა არ დავლიოთ, მამიო?ეს პალტავა უნდა ნახოთ, რა არი – ნახევარ ლიტრზე მეტი ჩადის შიგა!არაო, შვილო, ჭიქებითა ვსვათ, ესე აჯობებსო...ეე, გაშრა, კაცო, ყელიო!დამიჯერე, შვილო, სხვანაირი ღვინოა ესაო...რა სხვანაირი, მაგისთანები დამილევიაო?ცოფია, ბიჭოო!მაიტა, დედი, პალტავა მაიტაო!რა ვქნა, გოგი-მეთქი?მოუტანე და ჩაიხეთქოს მუცელიო!მივუტანე.დალია... შენაო, მამიო, რათა ხარ ეგეთი ჟმოტიო?რა ვარო?!რაც გაიგეო!არა, არა, რა არი ეგა, რა სიტყვააო.რაი და ძუნწი ხაარო.ბიჭო, უმაღლესი დაგამთავრებინე, ქალაქში ბინა გიყიდე, გაცმევ, გაჭმევ, გახურავ და კიდე მე ვარ ჟმოტიო?!ჟმოტი ხარ, მა რა ხარ, ერთი მანქანა გენანება რო მიყიდოო!კაცო, სადა მაქ მანქანის ფულიო?!ისე კარგა გააქო, რო!მაშ, მტყუნისაო?მტყუნის დედაო!რაიო?!წადი, შენიო, და წამოავლო იმანაც საღვინეს ხელი, უნდა დაარტყას, ქა?! ჩავვარდი შუაში. ატყდა ერთი გამიშვი და გამოუშვი. ვწივივარ და ვკივივარ, ვწივივარ და ვკივივარ. ესენი იგინებიან, იგინებიან, რო აღარაფერი შეარჩინეს ერთმანეთს. ახლა, ხან აქედან მომხვდება თავში, ხან – იქიდან, იმ გაწევ-გამოწევაში სუ შემომახიეს ხალათი.ძლივს დავაშოშმინე, ქა?!ბიჭს მაღლა გავუშალე ლოგინი, ამას დაბლა, ფეჩთანა.მე შუაღამემდე არ დამეძინა – ვიტირე, ვივაგლახე...დილით რაღაც ლაწა-ლუწის ხმამ გამაღვიძა. ვაიმე?! წამოვხტი და გავვარდი კარში.შესულა ჩემი ქმარი მარანში, შეუტანია დიდი კეტი და ამტვრევს ამ სავსე ბალონებსა!ვეცი ხელებში, რას აკეთებ, კაცო-მეთქი!გამეცა, უნდა დავლეწო სულა, ამისი მამტანის მკვდარი და ცოცხალი, ამისიო!შე კაი კაცო, მაგის მამტანმა არ დაგარიგა, წყალი დაასხიო, რატო არ დაასხი-მეთქი!ოხ, შენი დედა, შენიო და დამიშვა კეტი. აი, ეხლაცა მტკივა მხარი.შემოვარდა ბიჭი და გამოუწია ყელი: ბოდიში, მამი, მაპატიე რა, მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო...არაო, შენ არაო, კახელების ბრალია ყველაფერი, მაგათი ასე და ისეო!გამოვბრუნდი და გამოვედი კარში.აბა ის კახელები რა შუაში იყვნენ, საწყლები, კარდაკარ მოსიარულენი, მშივრები, ქა, მშივრები... ხო უთხრეს, წყალი დაასხი, თორე ცოფი გამოგივაო, რატო არ დაასხა.თავისნათქვამაა და იმიტომა.

 

© „მარანი“


"ქართველი კაცი, ღვინის ქვევრი და ბოჩკა"და სხვა ტექსტები

$
0
0

ვაჟა-ფშაველა

ქართველი კაცი, ღვინის ქვევრი და ბოჩკა

(არაკი)

ერთ ქართველ კაცს ძველისძველი სამსაპალნიანი ღვინის ქვევრი ჰქონდა, რომიელსაც მეტისმეტად აქებდა და ამბობდა: "ეს დალოცვილი ქევრი რაღაც ჯიშისაა, შიგ რო წყალი ჩაასხა, ღვინოდ აქცევსო".

ამიტომ რაც უნდა ნაკლებად მოსვლოდა ღვინო, მაინც იმაში დააყენებდა. მხოლოდ ერთხელ თავზარი დაეცა: სავსე ქვევრი აჰხადა, რომ დაეჭაშნიკა და ცარიელა დაჰხვდა. შემოიკრა თავში და პირში; ჯერ ეგონა, თუ მოიპარა ვინმემო, მაგრამ როცა დარწმუნდა, ქურდის საქმე არ იყო, - ქვევრი გახეთქილიყო და ღვინო გაცლილიყო, - დაიწყო ლანძღვა-გინება, ქვევრს სამდურავს უცხადებდა:"აახ, ქვევრო, ქვევრო, რა მიყავ, რაზე დამღუპე შე ოხერო, რად მიღალატეო?!" სამჯერ თუ ოთხჯერ მიჰმართა პატრონმა ქვევრს ამგვარის კითხვითა, მაგრამ ქვევრი ხმას არ იღებდა, არაფერს პასუხს არ იძლეოდა. ბოლოს გაჯავრებულმა უპასუხა გარისხებულს პატრონს:

- ეჰ, ჩემო პატრონო, შენ შენსას ამბობ და ჩემსას არაფერსა ჰკითხულობ. კარგა დიდხანსაც ვითმინე შენი და შენი ღვინის უდიერობა; შენი წინაპრები, მამა-პაპანი, განა შენსავით შაბიამანს და გოგირდის წვენს მასხამდენ თავ-პირზე, ისინი ნამდვილ ღვთისაგან ნაკურთხს ყურძნის წვენს ინახავდენ ჩემში, ნამდვილ ღვთისა და კაცის საკადრისს, როგორც ცოცხლისა, ისე მკვდრისა. ეხლანდელი ღვინო განა ღვინოა? განა ის შეიძლება ზედაშედ იხმაროს კაცმა? არასდროს! მერე მე ისეთი თიხისა ვარ, რომ ჩემი ჯიში არ იგუებს არასდროს შაბიამანის და გოგირდის წვენს, რითაც ვენახებს სწამლავენ.

- შე კაი კაცო, პირველშივე გეთქვა აზირ, თუ მაგისთანა ხასიათისა იყავი? – სთქვა ქვევრის პატრონმა.

- მე მეგონა, შავეჩვეოდი, მოვითმენ, - ვფიქრობდი, - მე ვითმენდი, ხოლო ჩემმა ბუნებამ ვეღარ მოითმინა. – უპასუხა ქვევრმა.

- მე სულ სხვა პასუხს მოველოდი შენგან, - წარმოსთქვა ბოჩკამ, მარანში ქვევრის პირზე შორიახლოს წამოჭიმულმა: - მე ვფიქრობდი, ქვევრო, შენ სხვაფრივ იმართლებდი თავს, აი, მაგალითად, თუნდ იმით, რომ სულ ერთ ალაგას ხარ გაუნძრევლად, არ იცი რა ამბავია ქვეყნიერებაზე, როდის მზე ამოდის, ან როდის ჩადის, შაგეძლო მოგეთითებინა ჩემზე. მე შენთან შედარებით ბევრად ბედნიერი ვარ: დამდებენ აქედან ურემზე, გადამატერებენ გომბორზე მთელ კახეთს და გარეკახეთს, იორს, ალაზანს ისე ვხედავ, თითქოს ხელისგულზე მიწყვიაო. ჩავალ ქალაქში, შავყვები მტკვარს, მივალ მცხეთას, სვეტიცხოველსა ვნახავ, პირჯვარს გამოვისახავ, არაგვისა და მტკვრის კინკლაობასაც გადავავლებ თვალს და თითქოს ვახტანგ მეფე და ოსი ბაღათარ შებმულან, ან დავითი და გოლიათიო. მცხეთაში დამჭაშნიკავენ და, რასაც ღვინოს ამოიღებენ ჩემიდან, იმოდენასვე არაგვიდან, რადგან მტკვარი მღვრივეა, წმინდა წყალს ამოიტანენ და ჩამოასხამენ, რომ ღვინო არა ჭყანჭყარობდეს. იქიდან გავწევ არაგვის პირ-პირ, გავივლი დუშეთზე, ჩავალ ანანურში; იქაურ სობოროსაც მადლს მოვთხოვ, იქ ძველი მშვენიერი ეკლესიაა, იქვე ზურაბ არაგვისერისთავის ციხე-დარბაზის ნანგრევებია, ის ხომ შესანიშნავი კაცი იყო, გიორგი სააკაძის ცოლის მამა, - შავყვები მთიულეთის არაგვს (მთიულეთურა), შევივლი ფასანაურზე; გადავივლი ბიდარაზე, ჩავალ ყაზბეგში და იქიდან დიდი მანძილი აღარ არი კავკავამდე. კავკავში რო ჩავალ, სწორედ ორი წილი ღვინო ვარ და მესამედი წყალი, ისეთს ყოფაში ჩამაგდებს ჩემი მზიდველი. მე ხმა-კრინტსაც არ დავძრავ. რა მრჯის, თუნდა წყალი ჩამასხან, თუნდ ნავთი. არცა რა იმას უშავს, ცარიელიც რომ ვიყო, შავისვენო პატარა ხანს. შენ ცოტა რამეს გაუჯავრებიხარ, უბრალო რამისთვის თავი მოვიკლა, გიჟი ხომ არა ვარ? – წარმოსთქვა ბოჩკამ.

- ბევრი და დიდი ჭკუა კი არც შენა გქონია, ჩემო ძამიავ, ცარიელ ხეტიალში რა ყრია? შენ არ გაგიგონია ძველი ქართული, რომ მგორავი ქვა ხავსს ვერ მოიკიდებსო. კიდევ სხვა: ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. შენ როცა ყველაფერს ჰკისრულობ, ყველასთან მეგობრობა შეგიძლიან, ყოველგვარ აზრს და გრძნობას თავისად ჰგულობ, - მე შენთან საერთო არაფერი მაქვს, მე მაგას ვერ ვიკისრებ, ვინაიდგან ჩემი გული წმინდაა, ჩემი გრძნობა სპეტაკია. ამის მოწამე თვით ჩემი პატრონია, რომელიც აქ არის და ესმის ჩემი საუბარი.

ქვევრის პატრონი მართლაც იქვე შორიახლოს იდგა, ქვევრისა და ბოჩკის ბაასს ყურს უგდებდა და გულმტკივნეულად წარმოსთქვა: "ღმერთმა ისეთი გულის სიწმინდე და სისპეტაკეც შეარცხვინოს, რომელიც თავის თავისა და სხვისა ერთნაირად დამღუპველიაო!"

 

1913 წ.

 

ხევსურული ქორწილი

 

ქალის გათხოვება მშობლების ნებითა ხდება: ვისაც მამა მიათხოვებს ქალს, ესეც უნდა იმას გაჰყვეს. ხშირად აკვანშივე დანიშნავენ ბავშვებს – მომავალს ცოლ-ქმარს. ჯიშიანი ოჯახი ჯიშიანს ეძებს; უჯიშო გვარიდამ რომ გამოჩენილი ვაჟკაცი გამოვიდეს, ჯიშიანი ხევსური ქალს არ მიათხოვებს და "უჯიშოობით" დაიწუნებს. "უთესლ-უჯილაგოიას!" იტყვის ხევსური. თუ უჯიშო გვარის ხევსურს გაჰყვა ცოლად ჯიშიან გვარის ქალი, მაშინ ქალის ნათესავები მოიკვეთენ "თესლჯილაგის" შემბღალავს ქალს, "კატას დაუკიდებენ" – დაურჩობენ იმას, ვინც სახლში გაატარებს ნათესავთაგანი ქალს ან იმის ქმარს: "ეს კატა იყოსა იმის მკვდრისადა, ვინც შენ სახლჩი შამოგიტიას, ან შენ ქმარი იმაკეთეოს, მამითხარე თესლ-ჯილაგი, გამახვედ უსირცხვილო ბაზერგანივ!" ჯიში ხევსურეთში ერთგვარს უფლებას შეადგენს. თავის თემიდამ არ შეუძლიან არც ქალს ამორჩევა ქმრისა და არც მამაკაცს ცოლისა, უსათუოდ ცოლ-ქმარნი სხვადასხვა სოფლისანი და თემისანი უნდა იყვნენ.

ხევსური ქალს პირდაპირ ვერ ითხოვს, უეჭველად "წინამძღვრის" შემწეობით უნდა დაიწყოს საქმე. "წინამძღვარი" იგივე მაჭანკალია. იგი მოელაპარაკება დავალებულს საქმეზე ქალის მშობლებს და, თუ თანხმობა მიიღო, შეატყობინებს სანეფოს მშობლებს. მაშინ ძმა ან მამა სანეფოსი (არასოდეს ნეფე თვითონ არ წავა) წავლენ საპატარძლოს ოჯახში, სადაც ორივე მხარე მოილაპარაკებს ერთმაპნეთში. წინაპირველადვე, მანამ ერთმანეთში საუბარს გააბამენ, ვაჟის მხარე, ვინც იქნება, ეტყვის ქალის მამას: "თუ თქვენ ღირსნ ვიყვნეთავ, გვიკადრებთავ, აქამდიაც რომ დავსხედით სკამდე, დიდ მადლობელნ ვართავ. არა ვართავ თქვენის თესლ-ჯილაგისანი". ქალის მამა მიუგებს პასუხად: "ჰღირხართა თქვენის თესლ-ჯილაგისანი სკამზე დასასხდომადაცა, სოფელში გასასვლელადაცა, სამტროდაც, სამაკეთეოდაცა, ქალის მასაცემადაცა, ქალსაც მასწონდით, ქალის პატრონთაცა, მაწონებით მოგეცით" (ქალიო). რაკი საქმე თანხმობით გათავდება, სანეფოს მხარე საპატარძლოს ნიშნად მისცემს ერთს აბაზს.

დანიშნულს ხევსური ერთს წელზე ადრე ვერ წაიყვანს. "ქალის თხოვის" დროს სანეფოს მხარემ უნდა მიიტანოს არა ნაკლებ ოთხ თუნგ არაყისა საპატარძლოს ოჯახში. საპატარძლოს მამა დაიპატიჟებს იმათ, ვინც თითონა ჰსურს, და გაუმასპინძლდება ამ არყით. სანეფოს მამა და ძმა მიართმევენ სადედუფლოს სამ-ოთხს არშინს "აალიანს" ანუ წითელს შილას.

ჩვენ ზევითა ვსთქვით, რომ თავის დანიშნულს ხევსური ერთს წელზე ადრე ვერ წაიყვანსო. ხშირად თხუთმეტი წელიც შეიძლება იყვნენ ერთმანეთზე დანიშნულები ქალი და ვაჟი. მუდამ ახალ წელიწადს სანეფოს მამა ან ძმა მოვალეა "მოიკითხოს" სასძლო, ე.ი. უნდა მიართვას ძღვენი – ერთი ტიკჭორა არაყი და ერთი "ბედისკვერა". ბედისკვერებს ახალ წლის წინაღამეს აცხობს დიასახლისი ყველა ოჯახში მყოფთათვის და საპატარძლოსათვისაც, როგორც მომავალის ოჯახის წევრისათვის. ბედისკვერა სულ თითონ საპატარძლომ უნდა შეჭამოს, რადგან ბედისკვერა მის ბედს შეიცავს თავის ვინაობაში, ნამცეციც არ უნდა გადააგდოს და არც ვისმე გაუზიაროს. როდესაც სასძლოს მოყვანის დრო მოვა, სანეფოს ოჯახობა ამოირჩევს სოფლიდამ ორს "ენაპირიანს" კაცს. ეს ორი უცხო კაცი წავა საპატარძლოს ოჯახში, თან წაიღებენ სასმელს და სამ ცხვარს წაიყვანენ. ხარჯი სანეფოს ოჯახისაა. სამივე ცხვარი უნდა დაიკლას: ერთი "ღთისთვის", მეორე იმ სოფლის, თემის ხატისათვის, საიდამაც სასძლოა, მესამე ცხვრით პატარძლის მამას "ხელმხარი გაენათლების". ხელმხარის ნათვლა იმაში მდგომარეობს, რომ სანეფო-სადედუფლოს, "ახალყოილით" "დაამწყალობებენ", ე.ი. შეავედრებენ ღმერთსა და ხატებს და საკლავს დაჰკვლენ. სანეფოს მამა სისხლს მუჭაში ჩაიყენებს და ხელებზე ზედ გადიფშვნეტს... ხატში "ხელ-მხარის ნათვლის" დროს საჭიროა ხევისბერი, რომელიც მსგავსად ჯვარისა გულზე, შუბლზე და მხრებზე წაუსომს სისხლსა "ხელმხარით გასანათლავს" კაცს. სასძლოს მშობლები შეატყობინებენ სოფელს და ქალი და კაცი კომლზე უნდა გაჰყვეს მაყრად დედუფალს.

მაყრებს თავისი საგზალი აქვსთ, მხოლოდ სასძლოს ოჯახი გამოუცხობს და გაატანს ორს ქადას: ერთს – ქალებს და მეორეს – ვაჟებს. ეს ქადები, სადაც დაისვენებენ, იქ უნდა სჭამონ გზაში. სანეფოს ოჯახი წინათვე გაჰგზავნის ორს კაცს, რომელნიც დედუფალსა და დედუფლის მაყრებს დაუხვდებიან გზაში და დაალევინებენ სასმელს და მერე ერთად მივლენ ნეფის ოჯახში. დედამთილი პატარძალსა მარჯვენა ხელით მარჯვენას დაუჭერს და სამჯერ წაღმა შემოატარებს კერის გარეშემო, შემდეგ წაიყვანს და ქალებს ჩააბარებს. ნეფე დამალულია მეზობლისას. მარჯეკლები, ე.ი. ის კაცები, რომელთაც დედუფალი მოიყვანეს, მოსძებნიან ნეფეს, მოიყვანენ და სათავეში დასმენ. ნეფე გაბუტულია, არავის არ მიესალმება.

- გამარჯვება ნეფიონო, - ეტყვის თავის სოფლის ხალხი.

- გაგიმარჯოსთავ! – იტყვის ინდაურივით გაბერილი ნეფე და დაჯდება ცალკე, გვერდს "მარჯეკლები" – ორი კაცი მიუჯდებიან. ქალის მაყრები ნეფეს მტრულის თვალით უცქერიან.

საქორწილოდ სამი ქვაბი ლუდია ნადუღარი. პირველს საღამოს პირველი ლუდიანი კოდი გაიხსნება ღვთის სადიდებლად. სადღეგრძელოები პირველად დაილევა ღვთისა, მეორედ – შესანდობარი მკვდრებისა, მესამე სადღეგრძელო – ნეფე-დედუფლისა: "ნეფე ადღენგძელას, დედუფალ გაახარას!" დედუფალი დამალულია.

მარტო სანეფოს ოჯახს არ უყრის ქორწილი ხარჯს, იგი სასოფლო, სათემო ხდება. რომ ხარჯი შეუმსუბუქონ მექორწილეს, სოფლელები სტუმრებს გაინაწილებენ და გაიპატიჟებენ მეორე დღეს. ყველა ოჯახი ამ დღისათვის მომზადებულია... ქალის მაყრები მეორე დღეს და ღამეს სოფელში ატარებენ დროებას და მესამეს დღეს კი მოვლენ "მექორწილეთას".

მეორე დღეს მეორე ლუდიანი კოდი გაიხსნება ადგილობრივის ხატისათვის. მესამე დღეს გაიხსნება მესამე კოდი მიცვალებულთათვის. ყველანი, ადგილობრივნი ქალის მაყრები, მოიყრიან თავს ერთად. მექორწილეს აქვს 40-60 კეცეული დამზადებული და თითო კეცეულზე თითო ერბოიანი ჯამი სდგას. თითო კეცეულს ერბოიანის ჯამითურთ დაუდგამენ ოროლს ან სამ-სამს კაცს და მოაყოლებენ ლუდს. ნადიმობა რომ გათავდება, ქალის მაყრები შინ წავლენ. ნეფის ნათესავები გააცილებენ მაყრებს და "მოკეთებს" ფანდურის კვრითა და სიმღერით. ნეფე-დედუფალი ერთად ვერ დაწვებიან. მეოთხე დღეს ნეფის ნათესავები გაიპატიჟებენ დედუფალს და შესაწევრად აჩუქებენ: ზოგი თხას, სხვა ბატკანს "სათავნოდ". ერთის თვის შემდეგ პატარძალი ქალწულად ბრუნდება დედ-მამასთან – "მამისახში", ერთს წელს რჩება მშობლებთან, მერე ძმა მისი მოუყვანს ქმარს და ხევისბერი (ხუცესი, დეკანოზი) ჯვარს დასწერს.

ჯვარის წერის დიდება ანუ ლოცვა არის "ჟამის წირვა". ეს ჯამის წირვა ღირსსაცოდნელია, თუმცა არევ-დარეულია, ძნელად გასაგები და თვით ხევისბრისათვის გაუგებარი, - ღირსსაცოდნელია იმ მხრით, რომ იგი აშკარად გვიჩვენებს, თუ რა მკვიდრად ჰქონია ხევსურეთში ქრისტიანობას ფესვები გადგმული. ჟამის წირვა შესდგება ჟამნიდამ, სახარებიდამ, ქრისტიანულის ლოცვებიდამ ამონაგლეჯ ალაგებისაგან, რომელნიც თავისებურის ჩამატებულის სიტყვებით არის გაბლანდული... თვითონ ღულელი ((ღული – სოფელია ხევსურეთში.)) ხევისბერი, ღერენა ქისტაური, გამომიტყდა და სთქვა, რომ მართალია, ჩვენი ჟამის წირვა არეულიაო. მიზეზად არევისა შემდეგი ლეგენდა მიამბო: ხევსურეთში ბოლოს დროს ერთი მღვდელი დარჩენილა. მაშინ საქართველო თათრებს სჭერიათ. ორმოცი წელიწადი ამ მღვდელს განუშორებლად ხევსურეთში უცხოვრია და ისე დაბერებულა, რომ წვერი დაბლა მიწაზე უთრევია. ორმოცის წლის განმავლობაში ცოლშვილი არ უნახავს. ბოლოს ამბავი მოუტანიათ იმისთვის: საქართველოში დიდი არევდარევაა, თათრები უწყალოდ ჰხოცვენ ქართველებს, თითონ ქართველებიც მოღალატეობენ, ძმა ძმას აღარ ინდობს, შვილი მამასო. ამ ამბის გამგონე, ჯერ სიბერისაგან დასუსტებული, ჭკუიდამ შეცვლილა, წირვა-ლოცვაც არევით უსრულებია და ხევისბერებისათვისაც არევით გადმოუცია ჟამის წირვაო.

აი თვით ჟამის წირვაც:

"ღირსა ხსნილობა, ჯვარისა კურთხეულობა, კურთხეულიამც უფალი, აწ და მარადი უკუნითი უკუნისამდე. შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი სანება წმინდამა, გვაცხოვნა და გვაკურთხინა. გაგება და უძლობა, გევედრება სული ჩვენი. მამაო ჩვენო, მოწყალეო, რომელი ხარ ცათაშია, ეგრე ქვეყანათაშია, მოგვიში და მოგვიტიე პური ჩვენი არსობილთა, ნუ შაგვასხამ განსა ჩვენსა. ხატო, ხატო, მეუფეო, დღესა ამას სჯულისასა! შავსწიროთა სხვერპლითა, ქებითა, მიხუცულობითა შენითა, თვალნი მაღლა არიანა, თვალნი მაღლისა ღთისა, ხოლო კაცთა სიმაღლე დაბლიდგან ამაღლდებიან. კაცთა რა ჟამ მასწევია ცხრომალე, მდინარე ამპარტიონთა, მაშინ გაეხვნენ ძალნი ცათანი. ხოყანა შახარწმუნდებოდა, ცხოველი თესლი შენია, ცხოველი მაცხოვრებაო, შენია დღე და შენია ღამე, შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი, შენ ეგ კია არა, ყოველმა უფალმა მოგცა დარიგება. ხუთითა პურითა ხუთათასნი დააძღვნა, ანისტითა ერთითა ას თორმეტნი აავსნო. უფალო, აკურთხე მარილი ესე სკანი – სკანარე წყალს იორდანე წყალი ღვინოდ გადასცვალე უფალო, აკურთხე თესლი ესე, რომ სამნი მანანნი, ყრმანნი ისხდეს, პურსა სჭამდეს მათ არა არ შაერგინებოდეს (?!), ტაბლასა მაგათასა, განარა წმინდასა. ბაღდა დაღკარ, დაუარე, არა სჭამე ხორცი მისი, დასთხიე სისხლი მისი. ქრისტიანობის მყოფელო, პირველნი ჩექარნი, ალამ ცეცხლია. სერებილნია, ქერებილნია, მეურქველისა მოქმედი უფალო ღმერთო, მოგვანიჭენ დღესა ამას სჯულისასა. კურთხევა ცოცხლისა კრავისა, ღირსია მარადისა, ეკურთხა და გამოჩინდა სახიერისი სახიერისით, საკითხავ იყვა წმინდათაგან, საკითხავი პოვლეია, გაბრიელია, მრავლითა სიტყვანი გამრავლებითა მაღალთაშიას ჯვარითა, მაშინ მოვიდა უფალი ბევრითა, ბევრეულითა, ათასითა გუნდითა, ათას ანგელოზებითა წარიახნა სულნი მიცვალებულთანი, წაუტივნა სტილონი, მახილა უსტმუნოებითა, შატყულისითა გველისითა, ან დედაკაცისითა, ან მამაკაცისითა ან თვითანა ფიცითა თარგანისითა. ღმერთო, არსებაო, ღთებაო, მთავარი მთავარ-ანგელოზო, საფლავ დაუმარწვილდებოდა, ეგია ჯოჯოხეთია, ურღუელთია. მაშინ გაეხვნეს ძალნი ცათანი, ხოყანა შახარწმუნდებოდა, შენ თუ ხარა, შენ უფალი ღმერთი ჩვენი, ხოლო წმინდა სული შენი აიღეს, მიიღეს ღმერთთანა პატივის ცემითა თაყვანისა ეგია. წმინდა არსებულ-არსებულო, არსებულ-ამაღლებულო, მანამდინ ვიყვენითავ, წმინდან ვიყვენითავ, სახელს ვიყვენითავ უფლისასავ. მე არ ვიყავ, უფალო, მიარობილისა უხითა, გიორგისითა, მეორე, ნეფე გიორგიო, ბევნი ჩემნია უსჯულოებანი. აუტივნეს და ადიანა ღმერთს ეხვეწებიანა. ავიდეს მაღლა, გააცხადეს მაღრანსა ტაძარსა აბრამისასა. გიკურთხა მამამა, ძემა, ჯვარმა და ღმერთმა ყოველმა. ივანე მართოლაგია, მა თესლის მაკურთხეველი, გიკურთხა მამა, ძემა, ჯვარმა წმიდამა. ეს სამნი სანთელნი მასკარისანი, ტაზარო, ეკლესიაო, შე სანატრელო, ღვთისაო, თუ რაი შენს ქვედ მოიდა, ქადაგობა ქნაო, დასტურობა ქნაო, სულნი ღმერთს შემოგაბარნაო. ეგ სამნი სანთელნი ნათობენ, უფალო, საკურთხევლის შენს წინა. პირველი სანთელი გაბრიელ მახარობელი, ეგ მეორე სანთელი – ივანე ნათლისმცემელი, ეგ მესამე სანთელი – მხმობელი და მგალობელი. გიკურთხა მამა, ძემა ჯვარმა და ღმერთმა ყოველმა. ეშმაკი იკვლოდა, ხიაგი ცხოვრება ზეით გადავარდაო, ასრულდა წირვა ჟამისა, წმიდისა იაკობილისა. დღეს გამარჯვებისა შენისა".

ამ ლოცვას ხევისბერი ან გარეთ და ან სახლში იტყვის და არა ეკლესიაში, რომელიც ჭირივით ეჯავრება, თუმცა "ჟამის წირვაში" ეკლესიასაც იხსენიებს. ბოლოს ამით გაათავებს ჯვარის წერას: "ბედიანნიმც იქმნებით, დავლათიანნიმც იქმნებით!"

მხოლოდ ეხლა ეძლევათ ნება ცოლ-ქმარს ერთად დაწოლისა. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. თუ მოსწონს და გამოდგება, ხომ შეინახავს და შვილსაც იყოლიებს, თუ არა განუტევებს.

 

1889 წ.

საჭმელ-სასმელი

 

<…>ფშაველს უყვარს კარგი სმა-ჭამა. საუკეთესო მისი საჭმელი არის ხინკალი. კვირაში ერთხელ მაინცა სჭამს ერბოიანს საჭმელს, ხაჭო-ერბოს, ხავიწას და ხორცის ქადას. ერბოს ქადას საფლავზედ მისატანად გამოაცხობს დედაკაცი. შემოდგომაზედ ფშაველი, თუ მეტიმეტად ღატაკი არ არის, ჰშოულობს ხორცს ძროხისას ან ცხვრისას და ინახავს საზამთროდ ქილაში ან ტაგანში; ხორცი მჟავდება, მაგრამ ამით ფშაველი არ იწუნებს. ფშაველი ათასში ერთის გარდა ერიდება ღორის ხორცს, - ხატი არ მიხდენსო. სამარხო საჭმელს შეადგენს ნივრის ან ნიგვზის ხინკალი, ანტრია (გათხელებული ცომი წყალში მოხარშული), ღოლო, შვინდის და ცერცვის საჭამადი, კომბოსტოს წნილი.

ამ ბოლო დროს ხშირად დაუწყეს თესა კომბოსტოს და კარტოფილს. სამუდამო სასმელი ფშავლისა არის არაყი, სახარჯო – ლუდი, სარიგო და საქორწილო – კახური ღვინო.<…>

 

 

“ფშავლები”, 1886

 

 

ლაშარობა

 

<…>ფშაველი ისე არც ერთს დღეობაში, ხატობაში არ არის განებივრებული, როგორც ლაშარის დღეობაში. ყველაფერი ხელს უწყობს ამ სინებივრეს. ლოთობს ფშაველი, მაგრამ იშვიათად "ფოთობს", თუმცა კი ყაყანით ყაყანებს; ყველანი დიდნი და პატარანი პაპიროზს შეექცევიან. პაპიროზთან ერთად ისყიდება ჩაი, მაგრამ ეს შეცდომაა, უფრო მართალი იქნება ვსთქვა, ციკორი. მუშტარი მაინც არა სწუნობს ამ გაჩაიებულს ციკორს და, როგორც ფუტკარი თაფლს, ისე ედება. სასმლისაგან გაჟინთული ფშაველი, რომელსაც დედამიწაზედ აღარ უდგა ფეხები, ხანდახან თავის "დიდს ბატონსაც" გაეხუმრება ხოლმე. კახური ჭაჭანაური სარწმუნოებისაგან აშენებულს ციხეში დაპატიმრებულს გონებას დაიხსნის ხოლმე. მაშინ ფშაველი იმღერის:

ფშაველთა ლაშარის ჯვარი

ნეტარ არ დაუბერდაა

ამბობენ დაბერებასა,

ნეტარ არ მაუკვდებაა?!

 

ხალხურს მოშაირეს ლამაზადა აქვს დახატული სურათი ლაშარისა: იგი დასცინის კიდეც იმათ, ვინც მეტისმეტად გართულან ამ დღეობახატობებით და თავის სახლსა და საქმეს კი აკლდებიან:

ამ ზაფხულს ლაშარს ვიყოდი,

არაყსა ვსომდი, ვბიჭობდი,

პირში პაპიროზ მეჭირის,

რატიშვილზედა ვსდიდობდი.

საცა ბუზიკანტ აჩქამდის,

წინ-წინ მე გადავფრინდოდი;

გავიყარნოდი დოინჯი,

წელშია გავიდრიცოდი;

შამაქის გულის წაწალმა,

მხრებშიაც შავიჩიკოდი;

ის აღარ მაგონდებოდა,

ზამთარო მამიხვიდოდი;

ამკიდეს ნეკრის კონაი,

დამჭკიმის, დავიჭმიხოდი,

ჩემი კვირისა ყვიროდის,

მე რო საბძელსა ვხდიდოდი;

რა ვქენ, ამ თავ მოსაკვდავმა,

რად არ ღამითაც ვთიბდოდი!

 

“ლაშარობა”, 1888 წ.

 

სადღეგრძელო

 

<…>ღმერთმა გაცოცხლოს და გადღეგრძელოს, ვისაც შენი სიცოცხლე არ უნდოდეს, ღმერთმა ის ნუ აცოცხლოს, შენი ამჯობინოს შენი მტრისას. შეგეწიოს ფშავ-ხევსურეთის სალოცავები, კეთილ საქმეზე ხელი მოგიმართოს, გაგახაროს, (ქალს) ძმები გიცოცხლოს, შენს ბედნიერობას შაგვასწროს, შენს მაყრად მოვდიოდე, ქორწილში ღვინოსა ვსომდე.

ბებერო, გაცოცხლოს, მანამ გინდა რო იცოცხლო, ღმერთმა მოგცეს მუხში ჯანი და თვალის სინათლე, შენი შვილების ხელით გეღირსოს გულზე მიწა, გიცოცხლოს ისინიც, ვინც გყვანან და გეიმედებიან. სააქაოს ცხოვრება მოგცეს, საიქიოს ცხონება.

პატარძალო, გაგახაროს, კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ოჯახში, ისითა ჭკვა-ნამუსისა გამყოფოს, რო თხასა და მგელს ერთად აძუებდე, ისითა საყვარელი გამყოფოს, რო დედამთილი მამამთილს ეჩხუბებოდეს, როგორ თუ პატარძალი გამიჯავრე და მამამთილი დედამთილსა.

მე მაამოს, თქვენ გაგიმარჯოსთ, - ესე მტერი დაგესცალოსთ.

მამაო მღვდელო, შე გაცოცხლოს, შენი წირვა-ლოცვის მადლი შენც შაგეწიოს და ჩვენც, ცოლ-შვილი გიცოცხლოს.

ბალღო, შენც გაცოცხლოს, დედ-მამა გიცოცხლოს, კაი კაცი გამოგიყვანოს, - პურადი, გულადი, - მტერს მტრულადა ჰხვდებოდე, მოკეთეს მოკეთურადა, არ იყო წარამარაი. მე აქ ვილოცები, გამგონე ღმერთია.<…>

 

“ფშავლები”, 1914

 

© „მარანი“

გიორგი შატბერაშვილი - მამალხინე

$
0
0

როცა ხუმრობაზე მიდგება საქმე, მაშინვე მამალხინე გამახსენდება... მისი ჭაღარა თმა-წვერი, ოდნავ პირქუში სახე, ზოგჯერ ღიმილით დამშვენებული, ისიც მაშინ, თუ ხუმრობას მიუხვდით, ან თვითონ მიგახვედრათ.

- ოღონდ ბიჭი დამიბრუნდეს და... იანვარიც იყოს, რთველში დაგპატიჟებ, ვენახში შეგიყვან, ჩხებს აგაჭრევინებ!

გეტყვის რაღაც შეუძლებელს. ხუმრობა გგონია, არ უჯერებ, მაგრამ ნათქვამი ცხადდება.

მამალხინე იღიმება:

- აი, თუ არა... აი, თუ არა!

- მაშ ეს ხუმრობა არ ყოფილა?..

- უჰ, კაცი დავბერდი, რაღა დროს ჩემი ხუმრობაა!

აი, ახლაც თოვლში ვდგავართ, დილის არაყით ოდნავ შემთბარნი. იანვრის დილა თითებს გვისუსხავს, სუსტი მზე ამაოდ ებრძვის ყინვას.

აქ, სოფლის განაპირას, დათოვლილ ვენახში რას უნდა მოვეყვანეთ, თუ არა მამალხინეს ახირებას?.. რთველში დაგვპატიჟა...

ხელში არნადი უჭირავს, კუზიან ვაზებს შორის თოვლს ხვეტავს, თან ჩაგრეხილ ულვაშებს ეშმაკურ ღიმილს ახვევს.

პატივს რომ არ ვცემდე ამ ჭკვიან ბერიკაცს, დავალებული რომ არ ვიყო მისი მეზობლობით, უანგარო სიყვარულითა და ტკბილი ქართულით, არ გამოვყვებოდი ამ ყინვაში, მის საქციელს გიჟურ ახირებად ჩავთვლიდი... მაგრამ მე ხომ კარგად ვიცნობ მას.

მით უმეტეს დღეს...

ამ დილით, ის-ის იყო წამოვდექი, აივანზე გავედი და ზამთრის მდუმარე, თეთრ მშვენიერებას გავუღიმე, რომ ნაცნობი ხმაც შემომესმა, ჩემი ძველი სახლის ჭიშკართან მამალხინე იდგა და მიხმობდა.

ჩავეგებე.

განა ისევ სევდიანი, პირქუში სახე ჰქონდა მოხუცს?..

გამოხედვა მეუცნაურა...

იქნებ დილის ნიავმა თოვლის ფიფქი შეაფრქვია მის ხშირ წარბებს და მათი ბრწყინვა მჭრიდა თვალს?..

არა... მოხუცი იღიმებოდა. ბადრი მთვარე ხომ გინახავთ?!. ღიმილს ბაგე გაეხსნა.

მივხვდი.

- ჩამოვიდა-მეთქი? – უნდა მეკითხა, მაგრამ დამასწრო. იქნებ მიმიხვდა კიდეც...

- წუხელ, მამლის ყივილისას ჩამოვიდა!

გადავეხვიე. სამი წლის განმავლობაში უთქმელი ჯავრით ელოდა ფრონტიდან შვილის დაბრუნებას. მეც თანაგრძნობით ვიზიარებდი მის მოლოდინს.

- ახლა კი წავიდეთ... პირველად თქვენ გიკითხათ...

- კი მაგრამ... ხუთი წუთი მაცალე...

- არც ერთი... დილის პური ჩემთან უნდა გატეხო!

ხელს მხვევს და თითქმის ძალით მივყავარ.ჭიშკარი ღია რჩება, მივეშურებით.

ჩვენ ცოტა... ხომ იცი, ნამგზავრი იყო... გველიან.

არაყი გადაუკრავს, მხნედ მიაბიჯებს თოვლში და თან ხალისიანად ჩამჩურჩულებს:

- მერე კი რთველი გვექნება!

- რთველი?

- მე ხომ ადრევე შეგპირდი... იქნებ ხუმრობა გეგონა?

- რთველი... ზამთარში?

- მომყე, სასხლავს მოგცემ... ჩხებს აგაჭრევინებ!

მართალ კაცს ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ...

მაგრამ, აი მამალხინეს სახლიც.

სახლში არ შევდივართ. ქვეპმო სართულში მარანი აქვს ბერიკაცს. ღია კარისაკენ მეწევა. სიბნელეს შეუჩვეველ თვალს უჭირს დაბრუნებული ბიჭის მოძებნა. მან კი, ეტყობა უკვე დამინახა. მესმის მისი წამოძახილი. ის უკვე ჩემთან არის. ვგრძნობ მის მკლავებს, ჩემს მკერზე მის სუნთქვას და მცირე ხნის შემდეგ მის თვალებში სიხარულის ცრემლთა ბრწყინვასაც ვარჩევ.

- აჰა, შვილო, შენი ოსტატი... დასტკბი! – ჩურჩულებს კმაყოფილი მოხუცი.

დავაჟკაცებულა ბიჭი. ულვაშის იერი მამისკენ ეზიდება მის შნოიან სახეს.

- ჩამოვედი, ჩამოვედი... დაბრძანდით, აი სკამიც...

- ხომ გაგიონიათ... დილის საუზმე ცოლის მზითევს სჯობიაო! – იცინის მამალხინე და მცირე ტაბლისკენ მიგვიძღვის.

ორპირი ხუმრობა ღაზლის წინდასავით ირღვევა:

- ცოლი მზითევს სჯობიაო, მე ასე გამიგონია... – უსწორებს ღიმილით შვილი.

მამა თავისას არ იშლის, მას აღარ აშინებს ანდაზა. გული არხეინად აქვს, დილის საუზმე ურჩევნია ცოლის დაძველებულ მზითევს, ასეთი ბედნიერი დილის საუზმე. ალბათ, ახსენდება სხვა ბედნიერი დილაც, ოდეს თებრონეს მოტანილი ზოგან წითელ, ზოგან ყვითელ, ზოგან ალისფერი ხალიჩა ჩამოაფარა კირით შეფეთქილ კედელს.

- ჰოო, ახლა თქვენ მზითევს რაღას გამოედევნებით!

ხითხითებს მამალხინე და ხან წინწანაქარს გვიმარჯვებს, ხან მწვადებს.

სად არ ყოფილა ეს ბიჭი? მსოფლიოს ნახევარი მოუვლია. ყველგან სიკვდილს ებრძოდა, მისდევდა და ამარცხებდა... ეგ არის, მარცხენა მკლავში დაუჭრიათ და რამდენიმე თვეს ჰოსპიტალში წოლილა. დაჭრილი მკლავი ახლა თეთრი ბანდით აქვს ჩამობმული კისერზე. მახსენდება სკოლის მერხზე მჯდარი ფემკრთალი, გაუბედავი ყმაწვილი... ასე ავაჟკაცებს სამშობლოს სიყვარული ჭაბუკს, ასე იქცევა უჩინარი ჩინებულად.

მაგრამ რთველი რომ დაგვავიწყდა?

ასე იცის დილის საუზმემ... ერთს მეორე მოსდევს, მეორეს კი... ისიც მარანში, ქვევრის თავზე, მოუხდელი ქვევრის თავზე...

რომ მოვირთვლიანებთ, ქვევრს მერე მოგიხდითო, თქვა მამალხინემ და წამოდგა. დილისთვის წინწაქარიც კმარა.

თოვლში მივაბიჯებთ. ყველა ამ ახირებულ რთველზე ვფიქრობთ. ალბათ, ხუმრობს მოხუცი, ალბათ, ვენახში ქვევრი აქვს სადმე იდუმალ დამარხული, ალბათ, ტკბილი ზედაშე უნდა შეაგებოს ნაომარ შვილს?!

მაშ ეს ბარი რად გაუდვი მხარზე, არნადს რად მოათრევს, რად იღიმება მაცთურად?

ან ეს საღვინე რად უნდა მის ნაბოლარა ბიჭს, ან ეს ქაშანურის ჯამი?!

უკვე ვენახში ვართ, სპეტაკ თოვში კუზიანი ვაზების სამამულე რქები შავად გამოიყურებიან.

ჰოდა, მამალხინე არნადით თოვლს ხვეტავს ვაზებს ორის (თან მაცთურად იღიმება-მეთქი, წეღანაც ვთქვი) და გვამხნევებს:

- მალე, სულ მალე, ჩხებს აგაჭრევინებთ... აბა, აი მიყურეთ!

ახლა ბარს დასწვდა.

დამზრალი მიწა ჯიუტობს, მოყინული სატერფული ფეხს ისხლეტს, მაგრამ მამალხინე უფრო კერპია: არნადით გადაწმენდილ ნიადაგს ხვნეშით ბარავს, ბელტებს ცალ მხარეს ყრის. თოვლის თეთრ ქათიბში შავი კუნძული ჩნდება. მამალხინე მაცთურად იღიმება, ფარაჯა გაუხდია. ცოლის მოქსოვილი მოკლე ახალუხი აცვია. ხვითქი ეჭირხლება ულვაშებს, წარბებს.

აჰა, ბელტებს ქვეშ ღრმა, გრძელ ორმოზე გადაფარებული შარშანდელი წალმის კონები ჩნდება.

ახლა წალმის კონებს დასწვდა მოხუცი და განზე გადაყარა. განცვიფრებულნი ჩავყურებთ ამ იდუმალ ორმოს, საიდანაც მალე ვაზის ფოთოლის მუქი ზურმუხტი და მტევნის ქართვისფერი გვიამებს თოვლისგან მოჭრილ თვალს.

ახლაღა გვიხსნის საიდუმლოს მოხუცი:

რთვლობას ცხრა მსხმოიარე ვაზი დაუტოვებია მოუკრეფავი, ორმოებში ჩაუწვენია ცხრავე, ზევიდან წალამი დაუხურავს, წალამზე ბელტი მიუყრია... არავისთვის უთქვამს, უჩუმრად შეუნახავს გულში.

ფეხზე აყენებს მამალხინე მსხმოიარე ვაზებს. ჭიგოს უყენებს თვალის გასახარად. ყვითელი მანეულის წნელით აკრავს სამამულე რქებს სარზე და...

- აჰა, სასხლავი, ასჭერ ჩხა! – მეუბნება სიცილით.

ამ ოინით გაბრუებულს მავიწყდება ზამთარი. იანვრის სუსხი. ხელში სასხლავი მიჭირავს. ჩხას ვჭრი, რთველში ვარ... ღანძილისფერი ვაზის ფოთოლი სახეცი მცემს. მტევნის ქართვა მიცინის...

- ახლა კი ქოცოს მოგიხდით, პატარა ქოცოს, დედის რძესავით შეგერგებათ!

აქვე, ძველისძველ ხავსიან ნიშთან ქოცო ჰქონია ჩაგდებული ბერიკაცს.

ქაშანურის ჯამით იღებს ღვინოს მასპინძელი ქვევრიდან.

ეს საფერავი კი არა, ლალია... თეთრი, საფერავგარეული...

ვლოცავთ დაბრუნებულ ჭაბუკს, ამ ბედნიერ ზამთრის დილას, ოჯახს რომ გაუღიმა და ვადღეგრძელებთ ამ უცნაური რთველის მომგონს – ქვევრის წინ დაჩოქილ მამალხინეს, რომელსაც ხუმრობა არ უყვარს!

© „მარანი“

კინტო აღდგომა დღეს

$
0
0

ქრისტე აღსდგა! იმისი მადლი შეგეწიო, ძმებოჯან! იცით ქრისტე რა, ან ვინ იყო? ვა, ვა, სული იყო რაღა თურმე, ბიჭო, სული! სხვებსავით-კი ნამარდი არ იყო. ისეთი სამოთხის ნუგბარი რამ იყო თურმე, რომ ძმაბიჭისთვის სიყმე რა არის, სიყმე, სიყმეს არ დაიშურებდა. ერთხელ თურმე ჩვენისთანა ბიჭს ქორწილი ჰქონდა. შუა ლხინში რომ არიან და ჯიხვები, ხელადები, ყანწები, კულები და აზარფეშები ართურმასა და მიჭკამალაყს გადადიან, ამ დროს, ბიჭებოჯან, თურმე ერთი "ნესჩასტია"არ მოუვიდათ... ღვინის კოლოტი დაცარიელდა. მაშინვე ყველანი თამადას მიეხვივნენ: ჰა, თამადავ, სუფრის მამა ხარ, შენ უნდა გვიშველო რამეო! მაგრამ თამადა რას უშველიდა. ყველანი აქეთ-იქით ეცნენ, არ იციან უღვინოდ რა ჰქნან. ამ დროს შებრძანდა თურმე იესო ქრისტე ლოცვითა და კურთხევით, გადასწერა პირჯვარი ყველას, შეიტყო იმათი დარდი. მერე, ძმებოჯან, მოატანინა ექვსი რუმბი და მტკვრის წყლით გაავსებინა; ჯერ ეშმაკი დასწყევლა და შეაჩვენა, მერე სამჯერ პირჯვარი გადასწერა თურმე რუმბებს, ვენაცვალე ქრისტეში, და მტკვრის წყალი წითელ კახურ ღვინოდ გარდააქცია... მაშა, კახურ ღვინოდ, იესო ქრისტეს გეფიცებით!

ყველას სიკეთეს უშვრებოდა თურმე ქრისტე, კაი კაცობის ჩახმახი იყო; იმის დროს ავი და ნამარდი კაცი სირცხვილით ქუჩაში თავს ვერა ჰყოფდა. ყველას უნდოდათ დაეჭირათ, მოეკლათ, ჯვარზე ეცვათ, რადგან ჩვენისთანა საწყალს ბიჭს ქომაგობას უწევდა. ისეთი მადლიანი იყო თურმე, რომ ბრმებს თვალებს უხელდა, კოჭლებს ფეხებს უმთელებდა, ქაჩლებს თმას ამოუყვანდა, კუტებს ფეხზედ წამოაყენებდა და ათას სხვა ამ გვარს სასწაულს და სიკეთეს სთესავდა. იმ ექიმებს-კი არა ჰგვანდა, ცხრა თთვე რომ წამლით გაგხეთქავენ და მერე უზიარებლად ამოგართმევენ სულსა; არა, იესო ქრისტე ერთს შეუბერავდა, ისეთი მადლიანი იყო, და მკვდარს კაცს ფეხზედ დააყენებდა! იუდა ისკარიოტელი ვიყო, თუ ვსტყუოდე... ახლა, ბიჭებო-და, იუდა-კი იცით რა ჯეელი და ვინ იყო. ერთი ჯოჯოხეთის მაშხალა, ერთი ქრისტეს ფეხის მომჭმელი, ვირის თავ-ფეხა, მოუკუპრავი ტიკი, სახრჩობელას ბოძი, ჯორცხენას ალიკაპი, ვირის აბანოს "სტაროსტა", ჯირგინის საწმენდელი ფეშტამალი, ქალამნის კალაპოტი, ყასაბხანის კუნძი, ერთი... ერთი... ისეთი ვირ-ეშმაკა, რომ მახათის გორაზე ჩამოსაკიდი რაღა, ვა! იესო ქრისტეს თორმეტი შეგირდი ჰყვანდა, რომელთაც ჭკუასა და მადლიანის საქმის გაკეთებას ასწავლიდა. იუდა ისკარიოტელიც, - უჰ, იმის ფათრეთი-კი დაიქცა, აჰაი, - იესო ქრისტეს შეგირდებში ერია. როცა ქრისტეს დაეძებდნენ და ვერ ეპოვნათ, მაშინ იუდას ფული აჩუქეს, "აჩიშჩენია"გადააკვრევინეს რაღა, და იმან უჩვენა თურმე: აი, იესო ქრისტე ესა-და-ეს კაცია და თუ "ტრიცეტკა"არაყს დამალევინებთ, რაც გინდა უყავით, მე რა მენაღვლებაო. იმათაც ჩაახეთქეს თურმე არაყი და იესო ქრისტე-კი დაიჭირეს და ბოძზე გააკრეს; ხელ-ფეხი დაულურსმეს თურმე და სულ წვალებით სული ამოართვეს. მაგრამ ქრისტეს რა მოჰკლავდა, ღმერთი იყო, ვენაცვალე ქრისტე-ღმერთში; მესამე დღეზედ, როცა დაჰმარხეს და დიდი ქვა დაადეს, ეშინოდათ არ ამოვიდესო, ზეციდგან ფრთიანი ანგელოზები გადმოფრინდნენ თურმე კელეპტარით ხელში, ლოდი გადააგორეს საფლავიდგან და ცოცხალი ქრისტე-კი გამობრძანდა, ფეხზედ წამოდგა რაღა. მაშინვე კვერცხები შეჰღებეს და მიულოცეს თურმე ერთმანეთს ქრისტეს აღდგომა. ურიები თურმე პირ-ქვე დაემხვნენ და სირცხვილით მზეს ვეღარ უყურებდნენ იესო ქრისტეს წვალებისა და ტანჯვისათვის. მეორმოცე დღეს იესო ქრისტემ, რაკი ასე აწყენინეს დედამიწაზე, ხელები გაჰშალა და მტრედსავით მაღლა-მაღლა წავიდა, პირდაპირ სამოთხეში. დღევანდელი დღე იესო ქრისტეს საფლავიდგან აღდგომისა და იმის მტანჯველების პირქვე დამხობის დღეა, ძმებოჯან! ამიტომ არის, რომ ყველა ქრისტიანი-ძე ფეხზე წამომდგარა, პირი ღვთისაკენ მოუბრუნებია და ტარტაროზის ლოცვა-კურთხევისათვის თავი დაუნებებია. ვა, ვა, ერთი ქვეყანას შეხედეთ, ლოთებო, და!..

 

ალუბლის ხე წითლად შეკოკრებულა,

ცოცავს, დადის ზედ ლოთი ჭიანჭველა;

ჭიაფერა ტურფად შეხამებულა,

ფეხზედა ჰსდგას, საპყარი, კუტი, - ყველა!

 

ცა ვარსკვლავით მოჭედილა, კაშკაშებს,

შემოუკრავს ჩიხტ-კოპად ცისარტყელა,

წყალი ჩუხჩუხა დამწვარს გულს ანუგეშებს, -

ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

 

ორთაჭალის კარები გაღებულა,

იქ შეყრილან საქუა, არაქელა...

ჭია-ფერად კვერცხი აგორებულა, -

ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

 

დამხობილა პირ-ქვე კაცი ნამარდი,

ვინც სხვას სტაცა, სხვის კერა დაანელა,

ტანჯულთ ტურფად გარდაშლიათ გულს ვარდი,

ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

 

გასცვეთია ლილა ბოროტებასა,

ობოლთ ცრემლით ქვეყანა დაასველა,

ჰკმარა, აწ-კი გილოცავთ აღდგომასა!

ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

 

გაიშალეთ წელში, დატანჯულებო,

კმარა, რაც რომ მტერმა გვცარცვა და გვწყევლა,

გაიხედეთ, ძმა-ბიჭებო, სულებო:

ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

 

"ივერია"¹87, 1888 წ.

 

© „მარანი“

ნიკო ლორთქიფანიძე - ბუმბერაზი

$
0
0

ფრანგულაშვილები მთელ ქვემო იმერეთში განთქმული იყვნენ ძველთა დროთაგან. ხშირათ მათ ვეშაპიძეებსაც ეძახდენ. მართლაც ვეშაპის ძალა ჰქონდათ, ვეშაპივით ჭამდენ და სვამდენ. ომში პირველობას არ სჩემობდენ, ვეებერთელა ხანჯალს კი, რომელიც კამეჩის უღელზე მეტი იყო, ისე ატრიალებდენ, თითქოს სახრეაო.

თავისებურათაც ხმარობდენ იარაღს. მტერი თუ რიგ-რიგათ იდგა, ერთიმეორის უკან, პირდაპირ ჰკრავდენ მუცელში, მკერდში, სულ ერთი იყო ძვალში თუ რბილში, და ორს-სამს წამოაგებდენ ხანჯალზე ან გამოფუშავდენ შესაწვავ გოჭივით. თუ მტერი ერთწყებათ იდგა, მაშინ მარჯვენა ყურიდან მარცხნივ წელამდე გადუქნევდენ; ორს გაკვეთდენ; მესამე ჰაერის ძალით, ხანჯლის ელვარებით, შიშით მიწაზე ინართხებოდა.

ფრანგულაშვილი მარტო ერთი ესწრებოდა ომს. არც მეტი და არც ნაკლები. ასეც უნდა ყოფილიყო, - ფრანგულაშვილების გვარი სულ ერთი ოჯახისაგან შესდგებოდა.

ერთი ფრანგულაშვილი ომში დაკეპეს. ბერი გოგია დიდხანს დაჰყურებდა მიწაზე განართხულს, სისხლით და მტვერით შეთხუპნულს გვამს. ბუტბუტით სთქვა: „ამქვეყნის აღარაა!“ მაგრამ მაინც სინჯა ბედი: ქრისტიანი კაცი მოუვლელათ არ დატოვა, იქნებ ასეთს მეომარს წმინდა გიორგიც შეეწიოსო; გაბანა, პირში ღვინო ჩაასხა; მრავალი ჭრილობა ჰქონდა. ცალ-ცალკე არ ღირდა შეხვევა. ორმოციოდე მილი დაუდვა; მთელს ტანს დააყარა წვრილი ნაწეწი კანაფი და ერთს დიდს ზეწარში გაახვია. მხოლოთ ცხვირის ნესტოები და ტუჩი დაუტოვა თავისუფალი ჰაერის სასუნთქავათ.

ბერი დიდხანს ეცადა ვეებერთელა ხანჯალი ხელიდან გამოერთმია, მაგრამ ვერაფერი გააწყო, სანამ ხანჯლის ტარს ქონი არ წაუსვა და შეკუმშულ თითებში ზეთი არ ჩაუსხა. მხოლოთ მაშინ გამოსხლიტა ხელიდან ხანჯალი და იქვე ქარქაშში ჩაუგო.

- ბიჭო, ეს რა დამმართია! - გაკვირვებით დაიძახა მესამე დღეს ფრანგულაშვილმა.
- დაჭრილი ხარ, შვილო.
- სადა ვარ?
- ჩემთან, სენაკში...
- წყალი...
- ა, შვილო.
- გმადლობ, რამდენი ხანია დამჭრეს?
- სამი დღეა.
- აბა, გამხსენი.
- მე თვითონ ვაპირებდი ეს-ეს არის.

ბერი განცვიფრებას მიეცა, როცა ჭრილობების მაგიერ ოდნავი წითელი ზოლები დაინახა. მხოლოდ ნაჯახის ჭრილობა ბეჭზე და ლეკურის შუბლიდან ცხვირზე გადმოსული ოდნავ იღებებოდა სისხლით.

- აბა, ისევ მილს გავუკეთებ და შევხვევ, - ჩაილაპარაკა ბერმა.
- არა, წმინდა მამა, მარილი დააყარე, მეტი არაფერი უნდა.
- რას ამბობ, შვილო, აგწვავს, გაგახელებს.
- არაფერია, მაგას ვერც კი ვიგრძნობ, ისე დავერევი მტერს.

ფრანგულაშვილი ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს ნაწირვებს მოისვენა და ახლა ჯარში სალხინოთ წასასვლელათ ემზადებაო.

- დიდება შენდა, უფალო, - წამოიძახა ბერმა, - შეგიქმნია კლდე ადამიანი და ვერხვის ფოთოლი ადამიანი!


* * *

ფრანგულაშვილები დიდხანს ინახავდენ საარაკო პაპის ზღაპრულს ხანჯალს.
კუთხეში იყო მიყუდებული და კაი ვაჟკაცი უნდოდა, ქარქაშიდან ამოეღო. ფრანგულაშვილებს რომ წმინდა ფოლადის სახნისი, თოხი, ბარი, სასხლავი, წალდი და ნაჯახი აქვთ ახლა, იმ ხანჯლიდანაა ყველა გადამდნარი.

* * *

ფრაგნულაშვილები შემდეგ გამრავლდენ.

ერთი ფრანგულაშვილი გაღარიბდა. საჭმელიც კი არ ჰქონდა საკმაოთ. ნათქვამია, „მუცელს აქორებ - ქორია და აღორებ - ღორიაო“. ღარიბი ფრანგულაშვილიც ცოტას ჭამდა, ბევრს კი მუშაობდა.

ერთხელ ცოლს უთხრა: თორმეტი კაცის სადილი დამიმზადე, რაც საღალო მიწა მაქვს, ყველა ერთად უნდა გავთოხნო, მერე ტყეში წავალ, იქნებ, ცოტა რამ ფული ვიშოვოო.

ქალმა დაამზადა სადილი და ყანაში წაუღო.

- სადაა, კაცო, ნადი?
- ეს-ეს არის მუშაობა მივატოვეთ, აქეთ-იქით წავიდენ, კარგი ვახშამი გაგვიკეთე?
- დალოცა ღმერთმა, ქე უმუშავნიათ მუყაითათ, - თქვა ქალმა და წავიდა.

საღამოს კაცი მარტო დაბრუნდა სახლში.

- სხვები სად არიან? - დაეკითხა ქალი.
- დაალაგე სუფრაზე ყველაფერი, მოვლენ!

ქალმა სუფრა დადგა აივანზე, რაც რამ ჰქონდა გამოიტანა.

ქმარი დაჯდა.

- დიდება ღმერთსა, ღმერთმა გაუმარჯოს გლახუა ფრანგულაშვილს, მის ცოლს სიდონიას, - დაილოცა და დალია პირველი დოქი შუა ღვინო*.
- რას შვრები, კაცო, არ მოუცდი ნადს?
- სადაური ნადი, რა ნადი, ქალო! ნადიც მე ვარ და მასპინძელიც, თუ რამე შეგიძლია, გამიმასპინძლდი.
- უი, თვალები კი დამიდგა! - შემოიკრა სიდონიამ ხელი ლოყაზე, - კაცო, ღმერთი არ არის, ორი ბატი მყავდა, იმის იმედი მქონდა, და დავკალი... ბათმანი ფქვილი ვისესხე...
- ნუ დამიწყებ ახლა ლუკმის ანგარიშს. მუშაობით თორმეტ კაცზე მეტი გავაკეთე და შენ ბატებს თორმეტი უცხო კაცი შეჭამს, თუ მე შევჭამ, რა გენაღვლება.
- უი, უი, ჩემი ცოდვა, რა ყოფილხარ, დამიდგა თვალები!

* * *

დიდი მებატონის სამზარეულოში დარბიან ფარეშები. ილანძღებიან მზარეულები. მოურავი ბრძანებლობს.

- აქენი ცხვარი, რას ზოზინობ, ვირის შვილო!
- ბიჭო, ნუ მოუნდი ჭამას, წაიღე ღომი!
- სუფრა-ყასუმი მეიტა აქ!
- გადააბრუნე, ჰო, ნუ გეძინება.
- ლენგერი! ლენგერი!
- ბატონო, კულოს თხოულობს!
- სადაა ჩაფი, ცარიელი ჩაფი. ოჯალეში უნდა ამევიღო და ვერც ერთი ვერ ვიშოვე. ოჯახდაქცეულებს მწვანეით გაუვსიათ ყველა.
- გაცალე, ბიჭო, ქვაბში; მერე ჩვენ დავლევთ.
- ამაში ბეჭია, აქ ღომის ქერქი ჩარჩენილა, აქ ხარშო, დამაგვიანდება და ბატონი მომკლავს. გადავასხამ ამ ტიალს!
- მეიტა, ძამია, აქ მაგ ჩაფი, მე გაგიცლი ამწამში.
- აბა, თუ ძმა ხარ, მემეხმარე... ბიჭოს, რას შვება ეს კაცი? სვამ, ძმაო? ვერ გამოცლი! იმე! შენი მტერია, გამოცალა. ბარაქალა! - ფარეშმა დაატანა ცარიელ ჩაფს ხელი და საჭურესკენ გაიქცა.
- შენ ვინ ხარ, ძბობილო? - დაეკითხა მოურავი უცნობს.
- გლახუა ფრანგულაშვილი გახლავარ; ბატონთან წერილი მაქვს, წყალობა მიქენი, მიართვი.
- კარგი, ძმაო, ძაან სმა კი გცოდნია, ბატონი არ მომიკვდეს! დაბრძანდი, სადილი მიირთვი და ამასობაში ბატონიც პასუხს მოგცემს.
- გმადლობ, ბატონო. შორი გზა მაქ და ნუ დამაგვიანებ.
- ახლავე.

* * *

- ბარათი მოგართვეს, ბატონო.
- მოიტა!.. რა დეემართა ამ ჩემ მოყვარე კაცს, რომ ერთ ჭვირთ თივას მთხოვს? მოურავო!
- ბატონო, შენი ჭირიმე!
- კარგათ გაუმასპინძლდი ამ ბარათის მომტანს, დაალევინე. მერე საუკეთესო ზვინიდან თივა მიეცი, რაც კი წაიღოს.
- თქვენი ნებაა, ბატონო.

* * *

- ბატონო, შენი ჭირიმე, იმ ბიჭს ჭვირთი კი არა, მთელი ზვინი მიაქვს.
- ხუმრობ თუ?
- შენი რისხვა არ მომეცეს! ქალბატონის ცხენისთვის განგებისათ ცალკე ზვინი მედგა. იმას შემოახვია ბაწარი და შეანძრია. გავაჩერეთ. ახლა რავაც მიბრძანებთ.
- ბიჭო, ვინ ეშმაკია?
- აი, დასწყევლა ღმერთმა ვინცხაა! ჯერ ერთი ჩაფი ღვინო სულმოუთქმელათ დაცალა, მერე ერთი გოჭი, თორმეტი ჭადი, მისი ღომით, შეჭამა. სხვა, როგორც სხვებმა, ძროხის ხორცი, პური მიაყოლა, და, რომ ადგა, ერთი ჩაფი ღვინო კიდევ დალია, ბატონი უნდა დავილოცოვო.
- მიეცი, ძმაო, მიეცი, შემახედე, რას ეგვანება ზურგზე ზვინგადებული კაცი, წეიღებს კი?
- წეიღებს, შენი მტერი წაღებულა ისე!

* * *

სტუმარი და მასპინძელი, ქალი და კაცი, მსახური და ბატონები გამოვიდნენ საკვირველების სანახავათ.

ფრანგულაშვილმა კარგათ მოარყია ზვინი, მერე ზურგით მიადგა, გულ-მკერდზე ჯვარედინათ გადიხლართა ბაწარი, რომლითაც ზვინი იყო შეკრული, წაიღუნა და... ზვინი დაადგა გზას. ადამიანი არ მოჩანდა.

მასპინძელმა ვერ მოითმინა და მიაძახა ფრანგულაშვილს:

- შენს ბატონს უთხარი ჩემს მაგიერ, სახლში არ დაგაყენოს, შენ დაუმსებ, ძმაო, ოჯახს.
- ვეტყვი, ბატონო! - დაიძახა ზვინმა.

ასეთი იყვნენ ფრანგულაშვილები, ზოგჯერ ვეშაპიძეებათ წოდებულნი.

1911 წ.

* ჭახრაკში გატარებულ ჭაჭას წყალს დაასხაამენ. აქედან გამოსულ წყალნარევ ღვინოს შუაღვინოს ეძახიან. (ავტორის შენიშვნა).

„მადიანი“ lib.ge-ს გამარჯვებულებს

$
0
0

ელექტრონული ბიბლიოთეკა  lib.ge-ს ლიტარატურულიკონკურსი ,,ლიბ.ჯი"(პროზა, პოეზია) , რომელიც თბილისის საკრებულოს ხელშეწყობით ჩატარდა და ახალი  თაობის შემოქმედთა მხარდაჭერას ითვალისწინებდა 5 ივნისს დასრულდა. ორივე ნომინაციაში პირველა ადგილას გასულებმა 500, მეორე – 400, ხოლო მესამე – 300 ლარი მიიღეს. გამარჯვებულთა სია ასეთია :

პროზა
1.ნინო თარხნიშვილი – ქაბულში, ყვავილების ქუჩაზე.
2.გურამ ნავროზაშვილი – უნივერსალური სალეწი-სადრესელა.
3.ალეკო ცქიტიშვილი – შემჩნეული შეცდომების გასწორება.
 
პოეზია
1.შალვა ბაკურაძე – საღვთომან ნისლმან.
2.ეკა ქევანიშვილი – გოგონებისთვის.
3.ალექსა ჩიღვინაძე – ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი.
პოეზიაში პირველ ადგილზე გასულს რადიო ,,მუზამ“ გადასცა კონცერტგაბეუს სამეფო ორკესტრის ანთოლოგია, საკონცერტო ჩანაწერები (1960–1970 წლები, 14 დისკი).
წიგნის მაღაზიათა ქსელმა ,,პარნასმა" ექვსივე პრიზიორს  წიგნები უსახსოვრა
საკუთარი პრიზები ჰქონდა ჟურნალ ,,მადიანსაც" – ექვსივე პრიზიორმა ,,თელიანი ველის" მიერ ,,მადიანის" ეტიკეტით ჩამოსხმული ღვინო მიიღო.
გამომცმელობა ,,სიესტა" კონკურსის ფინალსტი ნომინანტების (30 ავტორი) საერთო კრებულში გააერთიანებს.
 

ილია ჭავჭავაძე – ვაზის ჩაყრა

$
0
0

ფრაგმენტი "ოთარაანთ ქვრივიდან"

"გიორგი მოჯამაგირედ დადგა. პირველს დღესვე არჩილმა ვენახში წაიყვანა გიორგი. არჩილი ახალს ვენახს აშენებდა და უნდოდა მიწა ჭანდრაკის ფიცარსავით უჯრა-უჯრა დაეყო და ისე მოერიგებინა ვაზი მწკრივად და ლარზედ. ორი ჭრა კიდეც გაეკეთებინა ასე და ვაზის რქა ჩაეყარა. ძალიან მოსწონდა არჩილს ესე უჯრა-უჯრა ჩარიგებული ვაზი. გიორგის რომ დაანახვა ეს თავისი ახალშენი, თავმოწონებით უთხრა:

— როგორ მოგწონს? ერთი შეჰხედე გინდა აქედამ, გინდა იქიდამ, სულ ლარსა და მწკრივზეა ჩარიგებული.

— ეგრე ჩარიგება ვაზისა კარგია: მზე და ნიავი თანაბრად დაუვლის ყველგან. ამას წინად, — სამი-ოთხი წელიწადი იქნება, — გავიგე, რომ კახეთში ეგრე უკეთებია ვენახი ერთს თავადიშვილს. გული არ დამიდგა, მინამ არ წავედი და არა ვნახე. ვნახე და მომეწონა. საკეთებლადაც უფრო სამხროა. კარგია ეგრე.

— ძლივს ერთი კაცი არა ვნახე ამ სოფელში, რომ მომიწონა ნაკეთები.

— ნაკეთებს კი ვერც მე მოგიწონებ.

არჩილი შეჰფიცხდა და აიტკიცა.

— რატომ, ბიჭო?

— იმიტომ, რომ აქ ფერდობია...

— ვაი შენ, ჩემო თავო! — გააწყვეტინა სიტყვა არჩილმა, — შენც ბევრი არა გცოდნია-რა, ჩემო გიორგი. ბიჭო-და, საქმე ის არის, რომ ფერდობია და მზის-გული ფერდობიცა.

— განა მაგას ვიწუნებ? მზის-გულ ფერდობს რა სჯობია ვენახისათვის!..

— მაშ რას ამბობ?

— აქ ჩვენში ხომ ნამი არ იცის, როგორც კახეთში, და მშრალი მიწაც არის. ჩვენში ვაზს რწყვა უნდა. რაც გინდ მაგრად იდგეს კაცი, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოახვედროს ვენახს წყალი, თორემ ვაზი ვერ მოიხდენს. პირველში ხომ კარგა წყალს მოინდომებს და მოინდომებს, მინამ რქა იხეირებს.

— მერე რა გინდა სთქვა?

— მერე ისა, რომ ეგრე სისწვრივ ვაზი რომ ჩაგიყრია ამ ფერდობის გარდი-გარდმოდ, როგორ-ღა მოატარებ ვაზებში წყალსა. წყალი აღმა ხომ ვერ ივლის?

— მაშ, შენის ფიქრით, ლარი აღმა-დაღმით უნდა დაგვეჭირა თავ-თავ-ქვესაკენ, რომ ზემოდან ქვევით ედინა წყალს!

— წყალი მაშინ, რა თქმა უნდა, კარგად ივლიდა, მაგრამ არც ეგ ივარგებდა. წყალი რუისა, თუ ნიაღვრისა, მაღლიდამ დაქანებული, ზემოდამ სულ ქვევით ჩაიტანდა მიწას, ჩაჰრეცხდა ვენახსა, ზემო-პირის ვაზს სულ ძირს გამოუხრამავდა.

— მაშ როგორ უნდა ყოფილიყო?

— ეგრევ, მაგრამ ლარი სწორეზე კი არ უნდა წაგეღო, ცოტა გეზად უნდა დაგეჭირა, რომ წყალს საკმარისი თავ-თავ-ქვე ჰქონოდა და მიწაც ზევიდამ ქვევით არ ეზიდნა. აგერ რუიც ხომ მარტო გარდი-გარდმოდ ემხრობა ამ ახალშენსა! აქედამ ცოტა გეზ-გეზად თუ არ წავიდა თავ-თავ-ქვესაკენ, სხვა გზით წყალს ვენახი არ მოიხდენს. ეხლა კი წყალს ავალა პირაღმა აქვს. როგორ უნდა იდინოს? აბა გაიხედე!..

არჩილმა გაჰხედა-გამოჰხედა, ხან აქედამ გაუსისწვრივა თვალი, ხან იქიდამ, ხან აქედამ მოუდგა, ხან იქიდამ და იმისთანა ვერა იპოვა-რა, რომ ხელი ჩაეკიდნა და გიორგი გაემტყუნებინა.

— ბატონო-და, მაგას რა დიდი ამბავი უნდა, — უთხრა გიორგიმ, რაკი შეამცნია, რომ არჩილი ჰო-არაობაშია. — აი, თუნდა ეხლავ მოვუგდებ წყალს და მაშინაც არ გამოჩნდება!

— საჭირო არ არის. შენ მართალი ხარ, ჩემო გიორგი! კიდევ კარგია, — ეხლა დროზედ შემომესწარ, ჯერ მინამ მარტო ორი ჭრა ჩამიყრია და გასწორება ადვილია, თორემ, შენი მტერი!.. აქაურს გლეხკაცობას სიცილად არ ვეყოფოდი, თუნდ ხარჯსაც აღარ შევშინებოდი. "

გელა ჩქვანავა – იავნანამ რა ჰქმნა

$
0
0

ბაგი დარასელიამ, წმინდად წვერგაპარსულმა პენსიონერმა, სრული პიჯაკის სახელოები ხელების ზურგს მთლიანად რომ უფარავდა, ახალგაზრდა გამომძიებელს თაბაშირში ჩასმული, კისერზე ჩამოკიდებული ბინდისავე კოხტა მარყუჟში გაყრილი დაბინდული ხელი შეუთვალიერა, შემდეგ მზერა საფერფლეში ჩაჭყლეტილ სიგარეტის ნამწვებზე გადაიტანა.
- ძალიან ბევრს ეწევით, პატივცემულო, - შენიშნა ბაგიმ. - ჩემი ბიჭებიც ეწევიან, ორივე. ვერაფრით გადავაჩვიე.
- თემას ნუ გადავუხვევთ! - მკაცრად შენიშნა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
- რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერს იწერს ეს გოგო? - ოციოდ წლის სტენოგრაფისტზე მიანიშნა ბაგიმ გამომძიებელს.
- ყველაფერს, რაც საჭიროა! - დაუმოწმა გამომძიებელმა და ყვითელი სანთებელა, აქამადე ხელში რომ ათამაშებდა ნერვიულად, სიგარეტის წითელ კოლოფს დაადო ზემოდან კოხტად და პროპორციულად.
- ასწრებს მერე? - გაოცება და თანაგრძნობა ერთდროულად გაუკრთა ხმაში ბაგის.
- ასწრებს! - ცივად მოუჭრა გამომძიებელმა და ისევ სანთებელასკენ წაღებული ხელი შუა გზიდან მოაბრუნა.
- ყოჩაღი გოგოა, ეტყობა! - დაასკვნა ბაგიმ. - ყოჩაღები არიან იურისტები საერთოდ!
- ეს გოგო იურისტი არ არის, სტენოგრაფისტია!
- ნეტავი იმ ოჯახს, რომელშიც ეს გოგო შევა... თქვენ დაოჯახებული იქნებით, რა თქმა უნდა! - თვალები მოწიწებით მიაპყრო ბაგიმ გამომძიებელს.
- არა, ვინ გითხრათ! - რატომღაც საწყენად მიიღო ეს უწყინარი კითხვა გამომძიებელმა. - საქმეს დავუბრუნდეთ. ასეთი არხეინი არ ვიქნებოდი თქვენს ადგილას!
- როგორ მინდოდა ჩემი ბიჭები იურისტები გამოსულიყვნენ! - თავისას განაგრძნობდა ბაგი. - იურისტები რომ ყოფილიყვნენ ჩემი ბიჭები, რძლები ექიმები მეყოლებოდა და როცა დამჭირდებოდა, თუ არ მომარჩენდნენ, სწორ დიაგნოზს მაინც დამისვამდნენ. სწორი დიაგნოზის დასმაა მთავარი. თუ დიაგნოზი სწორია, დანიშნულებაც სწორია. აი, ღვიძლი რომ ამტკივდა, სულ სვადასხვა დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა...
გამომძიებელმა სანთებელა აიღო და ბაგიც მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
- თუ ხვდებით, დასაჭერად რომ გაქვთ საქმე? - შინაურულად ჰკითხა გამომძიებელმა.
- გამომიშვებენ! - გლეხური თავდაჯერებით მიუგო ბაგიმ. - გადაურეკავენ ჩემს ბიჭებს რუსეთში და როგორ ფიქრობთ, ისინი მამას ციხეში დატოვებენ?... თქვენც მიიღებთ თქვენსას, თუ არ გამაწვალებთ და მთავარ გამომძიებელთან მიმიყვანთ პირდაპირ.
- დააფიქსირეთ ოქმში!.. ქრთამის შეძლევა! - სტენოგრაფისტს უკანმოუხედავად ესროლა გამომძიებელმა.
- ეხ-ხ!.. ახალგაზრდა ხარ შვილო და შენი გგონია ქვეყანა! - გულწრფელად შეიცოდა ბაგიმ გამომძიებელი.
- აბა შენი და შენი ბიჭებისაა, რომლებიც ვინ იცის რა გზით შოულობენ ფულს მოსკოვში?!
- ჩემი ბიჭები, ჩემი, ბაგი დარასელიას გაზრდილია და ცუდს არასოდეს იკადრებენ! - თქვა ბაგიმ. - ჩემს სიძეს რომ გაუჭირდა, მაშინვე გამოიყვანეს ციხიდან - ერთადერთი დის ქმარს როგორ მივატოვებთ გასაჭირშიო...
- ის თუ არის დაფიქსირებული ოქმში, სიძე გაფლანგვისთვის რომ იჯდა? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- თქვენ ხომ მანიშნეთ არ გინდათო? - მიუგო სტენოგრაფისტმა. - შეგეცოდათ მაშინ გულუბრყვილობისათვის...
- ახლა დააფიქსირეთ რასაც სიძეზე იტყვის, იყოს მაინც ოქმში ყოველი შემთხვევისათვის!
- სიძეზე არაფერს ვიტყვი! - გაბრაზდა ბაგი. - მე თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?!.. თქვენ რა, რახან იურისტი ხართ, სხვებზე ჭკვიანი გგონიათ თავი?.. ჩემი სიძის მამა, თუ გინდათ იცოდეთ, ვეტექიმი იყო თავის დროზე, მთელს რაიონში დაფასებული...
- ...და თქვენ რატომ ესროლეთ თორმეტკილოიანი ბრინზა ყველი მოქალაქე პარმენ გოგიას? - საქმეზე გადავიდა გამომძიებელი.
- ერთხელ უკვე ვთქვი რატომაც, მეორეჯერ არ გავიმეორებ! - ამაყად განაცხადა ბაგიმ და სტენოგრაფისტ გოგოს მიუბრუნდა. - ცეცხლივით ბიჭები მყავს და ყველას შურს ჩემი. ხმას უვრცელებენ სოფელში, იქ, რუსეთში ცუდ წრეში არიან გარეულებიო. მიმოზასაგან მოდის ეს ყველაფერი, ძალიან უმაქნისი ბიჭი ყავს... იცით რა რემონტი გავაკეთე სახლში? ვანა-ტუალეტი შიგნით მაქვს, გარეთ გასვლა არაფერზე დაგჭირდებათ...
- ესე იგი, მოქალაქე პარმენ გოგიას იმიტომ ესროლეთ ყველი, რომ უშნოდ გაგიღიმათ, ასე არ არის? - ჰკითხა ბაგის გამომძიებელმა.
- მაგისთანა ღიმილი არვისთვის არ უპატიებია ჩემს გვარსა და ჯიშს! - მაგიდაზე გაშლილი ხელი დადო ბაგიმ.
- ესე იგი, პარმენ გოგიას თქვენი ბიძაშვილი ყავდა ცოლად და მიატოვა. მას მერე პარმენ გოგია არ გინახავთ დღევანდელ დღემდე. დღეს კი ბაზარში ნახეთ და მან "უშნოდ" გაგიღიმათ. რას გულისხმობთ მაინც უშნო ღიმილში - დაცინვას, გამოწვევას თუ კიდევ სხვა რამეს?
- ვთქვი მე, გადავიხდი იმ ყველის ფულს-მეთქი. პარმენ გოგიას კიდევ, თუ საჩივარი არ გამოიტანა მილიციიდან, მოკლავენ ჩემი ბიჭები. აი, ნახავთ თუ არა. ჩემი ბიჭები ისე გავზარდე, რომ მამის შეურაცყოფას არავის აპატიებენ. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგონ, მაშინვე აქ გაჩნდებიან!
- თუ ასეა და თუ მართლა მაშინვე აქ გაჩნდებიან, გაიგონ, თქვენთვის უკეთესი არ არის? - გაეღიმა გამომძიებელეს. - თქვენ არ ამბობდით, ოთხი წელია არ მინახავს, ჩამოსასვლელად ვერ იცლიანო? დაარეკინეთ დაჭერილია მამათქვენი-თქო და ჩამოვლენ და შვილებსაც ნახავთ!
- გავიდეს ეს გოგო ხუთი წუთით, საქმე მაქვს თქვენთან! - საქმიანი გამომეტყველება მიიღო ბაგიმ.
- ქრთამი უნდა შემაძლიოთ? - დამცინავი ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
- რას მეთამაშება ეს ბიჭი, რომ მეთამაშება?! - თავისი აღშფოთება სტენოგრაფისტს გოგოს გაუზიარა ბაგიმ. - ბაგი დარასელიასთვის არავის დაუცინია ჯერ ამქვეყნად!.. იცით თუ არა თქვენ, როგორ ეხვეწებოდა პარმენი ბიძაჩემს, შვილი გამომატანეო?!.. იცით თუ არა-მეთქი, გეკითხებით! მე თვითონ იქ ვიყავი მაშინ. ძმაკაციც მოყვა ერთი, ქალის სახელი ერქვა იმ კაცს. პოეტი ვარო, ამბობდა და თურმე ჟესტიანშიკი ყოფილა. ნაქირავები "პობედით" ამოვიდნენ ბიძაჩემთან სოფელში ის და მაგის ძმაკაცი. მიგრძნობს გული, ან სულ მთლად ამაშენებს, ან სულ მთლად დამაქცევს ეს კაციო, თქვა მაშინ ბიძაჩემმა და აუხდა კიდეც ნათქვამი მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად - ქალიშვილის გამოთხოვებამ მოუღო ბოლო, ერთ წელიწადში გულით მოკვდა ჯანმრთელი კაცი. ამ დილით კიდევ, სოფლიდან რომ მოვდიოდი, სასაფლაოს რომ ჩავუარეთ ავტობუსით, ბიძაჩემი გამახსენდა, თითქოს გულმა მიგრძნო მაგის მკვლელი და მისი ოჯახის დამაქცევარი რომ უნდა მენახა. მთელი გზა ბიძაჩემზე ვფიქრობდი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს... აი, თქვენ, პატივცემულო გამომძიებელო და თქვენც...
- ლია მქვია, - წაეშველა სტენოგრაფისტი გოგო.
- ბიძები ხომ გყავს ლია, შვილო, მამის მხრიდან?
- საქმეზე ვილაპარაკოთ! - მკაცრად გააფრთხილა გამომძიებელმა ბაგი.
- აბა მე რაზე ვლაპარაკობ? - გაოცდა ბაგი. - შენ თუ გყავს ბიძა, პატივცემულო გამომძიებელო?
გამომძიებელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა მოხერხებულად.
- რატომ ესროლეთ ყველიო, რომ მსაყვედურობთ თქვენ, რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. თოფი რომ მქონოდა, თოფს ვესროდი, ზარბაზანი რომ მქონოდა - ზარბაზანს!
- ჩავწერო? - მცირე პაუზის შემდეგ იკითხა სტენოგრაფისტმა.
გამომძიებელი რაფიდან ჩამოძვრა, ფანჯრისკენ შეტრიალდა, თითები რაფაზე აათამაშა, თან ხელის ზურგზე დაიხედა, თითქოს იმის წარმოდგენას ცდილობდა, როგორი შესახედავი იქნება, მასაც ბაგივით სრული პიჯაკი რომ ცმოდა, რომლის სახელოები ლამის თითების სახსრებამდე ექნებოდა ჩამოშვებული.
- არ ჩაწეროთ, - თქვა გამომძიებელმა.
- ქვევრი აჩუქა იმ უხსენებელმა ბიძაჩემს, როცა ახალი სიძე იყო. ამოთხარეთ ის ქვევრი და ხევში გადააგდეთო, დაიბარა ბიძაჩემმა სიკვდილის წინ, - თქვა ბაგიმ.
- ამოთხარეთ? - იკითხა გამომძიებელმა.
- არა. თავიდან მაგისთვის ვის ეცალა, მიცვალებული უნდა დაგვეტირა. მერე დარჩა და დარჩა!
- რას წერ? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- არაფერს არ ვწერ, ჯვრებს ვხატავ საშრობზე, - გამოეპასუხა სტენოგრაფისტი.
- ჩემი გოგოც წერდა, ოღონდ დღიურებს, სანამ გათხოვდებოდა. რამდენი არ ვთხოვე, დამიტოვე, წავიკითხავ როცა მომენატრები-მეთქი, მაგრამ არ ქნა, - თქვა ბაგიმ და სტენოგრაფისტს გაუღიმა. - თქვენც ხომ წერთ დღიურებს?
კითხვამ სტენოგრაფისტი გააწითლა.
- სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, - მორიდებით შენიშნა მან და ისევ გაწითლდა.
- არც საკუთარი შვილის? - გაოცდა ბაგი.
- რა დღიურებზეა ლაპარაკი, თუ ღმერთი გწამთ, მთელი დღე აქ წერს ოქმებს და სახლში მისული პასტის და ფურცელის დანახვაზე ალბათ ცუდად ხდება! - შენიშნა გამომძიებელმა და სტენოგრაფისტი კეთილი ღიმილით დაასაჩუქრა.
- ღვინო ასხია იმ ქვევრში, - თქვა ბაგიმ. - ჯერ კიდევ იმ დროიდან დარჩენილი, როცა ის უხსენებელი ბიძაჩემის სიძე იყო. გავსინჯე ამ ოთხი წლის წინ. დამაინტერესა უბრალოდ. არაფერი დამილევია ჩემს ცხოვრებაში უკეთესი. სხვა სამი ქვევრი მსხლის ხის ფესვებს გაუბზარავს, იმ უხსენებელის ნაჩუქარი კიდევ მთელი დარჩენილა. შევავსე ნაკლული, ზევიდან ორნახადი არაყი დავასხი და ფიჭით ამოვუგლისე ისევ თავი. დალევით მაინც ვერ დავლევდი, ღვინოს დაქცევა კიდევ არ შეიძლება. ამ დილით ავტობუსში, ბიძაჩემი რომ მომაგონდა რატომღაც-მეთქი, რომ გითხარით, იმ ღვინოზეც ვიფიქრე ბევრი, ნეტავ ვინ უნდა დალიოს-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ უნდა დალიოს ის ღვინო?
- მაინც რამდენი წლის იქნება? - მეტი კონკრტიკა მოითხოვა გამომძიებელმა ხმაგამკაცრებულად. სტენოგრაფისტმა ნაცნობი, ნათქვამის დაფიქსირების მომწოდებელ ნაცნობ ნოტებს მიამგვანა გამომძიებლის ხმაში გარეული მოჩვენებითი ფოლადი და საწერად მოემზადა, მაგრამ თვითონ გამომძიებელს რომ შეხედა, ისევ ჯვრების ხატვა განაგრძო.
- ოცდარვისაზე მეტის! - თქვა ბაგიმ. - ჩვენ, დარასელიები, მაგ ღვინოს ვერ დავლევთ, არ შეგვერგება! დაე, იმათ დალიონ, ვისაც შეხვდება, თუნდაც ღვინის ქურდებმა-მეთქი, ვიფიქრე ამ დილით. არ იცის სოფელმა, თორემ არ გააჩერებდნენ ამდენი ხანი.
- სხვა ქვევრში გადაასხით და ისე დალიეთ, - შესთავაზა გამომძიებელმა.
- მტერს სხვა ტანსაცმელი რომ ჩააცვა, იქცევა მოყვრად? - საკუთარი ექსპრომტად გამოთქმული აფორიზმი პირველმა თვითონ დააფასა თავმომწონე ღიმილით ბაგიმ.
- ღვინო ხომ ბიძაშენის დაყენებულია? - თავმომწონე ღიმილი ბოლომდე არ შეარგო გამომძიებელმა. - ადექით და დალიეთ თქვე დალოცვილებო!
- იმ უხსენებელის ქვევრში ხომ არის დაღვინებული?! - წინადადება დაუფიქრებლად უარყო ბაგიმ. - ბიჭი არ მყავს და ბიჭი შემეძინაო, ამბობდა ბიძაჩემი იმ უხსენებელზე... უყვარდა გულწრფელად.
- უიარაღო ხომ გაქვთ წაკითხული, ხვიჩაზე და გოჩაზე რომაა?.. კინოცაა, "მამლუქი".
- ძალიან კარგი კინოა. ჩემს უფროს ბიჭსაც ხვიჩა ქვია. ცეცხლივით ბიჭია, რომ იცოდეთ!
- ჰოდა, ვთქვათ და, ხვიჩა და გოჩა არ მოკვდნენ, როგორც კინოშია ან წიგნშია, გადარჩნენ და მივიდნენ ხელიხელჩაკიდებულები თავიანთ მშობლებთან. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიიღონ მშობლებმა ისინი ღვიძლ შვილებად, იმიტომ რომ მტრის ქვეყანაში არიან გაზრდილები? - კუთხეში მიიმწყვდია გამომძიებელმა ბაგი და ახლა თვითონ გაიღიმა თავმომწონედ. - ქვევრს, ანუ გამზრდელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღვინის დამყენებელი, ანუ მისი შემქმნელი თქვენიანია!
ბაგი დარასელია ასეთმა მტკიცე არგუმენტმა დააბნია და დააფიქრა.
- "იავნანამ რა ქმნაშიც" ხომ იბრუნებენ შვილს? - მორიდებულად შენიშნა სტენოგრაფისტმა.
- ქეთოზე რომაა, ხომ?.. ეგეც ნანახი მაქვს, - მოწურული მხრები ისევ გაშალა ბაგიმ. - ქეთო დაარქვა თავის პირველ გოგოს ჩემმა სიძემ, ჩემი გოგოს ქმარმა...
- აი ხომ ხედავთ! - უთხრა გამომძიებელმა.
- თქვენს ბიძაშვილს ხომ ყავს შვილი დაზარალებულისგან? - მორიდებულად ჰკითხა ბაგის სტენოგრაფისტმა.
- არა, არ ყავს!
- აბა, მარტოხელა დედააო, რომ თქვით? - პირზე დაადგა სტენოგრაფისტი.
- რომ გამოთხოვდა მერე აიყვანა შვილი გასაზრდელად. ერთადერთი შვილი ვარ, თანაც გოგო, ბიჭი არ რჩება მამაჩემს მემკვიდრედ და ვიშვილებ ბიჭსო. მამამისის სახელი დაარქვა. სინდისის ქენჯნის ამბავიც იყო, რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
- შვილიშვილის ქორწილში შეიძლება გაიხსნას ქვევრი-მეთქი, ვიფიქრე, - მიუგო სტენოგრაფისტმა.
- გამორიცხულია! - თქვა ბაგიმ. - ჩვენი გვარისთვის არ შეიძლება იმ ღვინის დალევა!.. ბავშვს ვერ აჩენო, ეს მოსდო შარად ჩემს ბიძაშვილს იმ, რა ქვია მაგას... დაზარალებულმა. არადა, პირიქით იყო, როგორც მერე გამოირკვა!
- იქნებ გაფუჭდა ის ღვინო. ქვევრი რომ გაიხსნება, თუ მაშინათვე არ გადაისხა სხვა ჭურჭელში, ფუჭდება ღვინოო, გამიგია! - თქვა გამომძიებელმა.
- არ არის ღვინო გაფუჭებული. ძროხის შპრიცით ამოვიღე და გავსინჯე! - გამოტყდა ბაგი. - რამდენ გრამი ღვინო ამოვიღე ზუსტად იმდენი არაყი შევუშვი ისევ იმავე შპრიცით. არაყი ღვინოზე მსუბუქია და ზევიდან ტივტივებს! არ არის ღვინო გაფუჭებული, თავს დავდებ თუ გინდათ!
- რომელი შპრიცით ამოიღეთ, თქვენი ვეტექიმი მძახალის შპირცით? - დაინტერესდა გამომძიებელი.
- არა, სხვა შპრიცით. რა ხართ მაინც ეს გამომძიებლები, არაფერი გავიწყდებათ!
- არ გვაქვს უფლება რომ დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ რამე დაგვავიწყდეს და ოქმებში დაფიქსიერებული ფაქტებიდან გამომდინარე არ გავაკეთეთ დასკვნები, ხომ დავიღუპებით! ცოტაოდენი გადახრა და მაშინვე მიკერძოებაში ჩაგვეთვლება და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, ქრთამი აიღოო, იფიქრებენ. - თქვა გამომძიებელმა. - თქვენ რა იცით, დაზარალებული უნაყოფო იყო თუ არა?
- მეორე ცოლისაგანაც არ ყოლია შვილი და იქიდან! - თქვა ბაგიმ.
გამომძიებელმა ყვითელი სანთებელა კისერზე მარყუჟით ჩამოკიდებული დაბინდული ხელის თაბაშირზე დააკაკუნა.
- ბანდიტების ტყვიაა? - დაბინდულ ხელზე ჩაეკითხა ბაგი. - "ბანდიტსკაია პულიაო", რომ იტყვიან, ის არის?
- სამსახურებრივი ტრავმაა! - მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა და მაგიდას მიუჯდა. - რამდენი ღვინო ასხია იმ ქვევრში?
- ათკოკიანი ქვევრია. კოკაში ოცდაოთხი ლიტრაა. ორასორმოცი ლიტრა გამოდის, - თქვა ბაგიმ.
- ჩავჯდებით ახლა მე და შენ ჩემს მანქანაში, წავალთ შენს სოფელში, მივადგებით ბიძაშენის სახლს, ვნახავთ იმ ქვევრს და თუ ის, რაც შენ ილაპარაკე, მართალი გამოდგა, ხომ კარგი, თუ არადა, გახეხინებ ციხეს! - ძალიან მშვიდად უთხრა გამომძიებელმა ბაგის და სიგარეტს მოუკიდა. - თუ ღვინოს შევატყვე რომ მართლა ძველია, ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულად!
- ისედაც გაჩუქებთ, ბატონო! - შეაგება ბაგიმ.
- არავითარ შემთხვევაში! - ძალიან მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე სანთებელა გამომძიებელმა. - მე ქრთამს არ ვიღებ!
- არც მიკადრებია, ქრთამი აიღეთ-მეთქი! - დაიბნა ბაგი.
- ჩვემ იურისტებს არაფერი გამოგვეპარება! - ღრმა ნაფაზი დაარტყა გამომძიებელმა. - თქვენ ჩემზე იფიქრეთ, ეს ცალხელა კაცი საჭეს ვერ მიუჯდება, სოფელში წასვლა გამოსაცდელად მითხრა - იმაში დასარწმუნებლად, მართლა არსებობს ის ღვინო თუ არა, მერე ადგება და მეტყვის, აქეთ მომართვი ღვინოოო, ასე არ არის? სხვა ღვინოს შემოპარებაც შეიძლება ამ შემთხვევაში, ტყუილს ვამბობ?
- როგორ გეკადრებათ, ბატონო! - აღშფოთების გამოსახატავად სრული პიჯაკის ზედიზედ ორჯერ გასწორება არ ეყო ბაგის. - არასოდეს უთქვამს ბაგი დარასელიას ტყუილი და ამ სიბერეში რა ათქმევინებდა!.. ახლავე წავიდეთ, მაგრამ ფულს ნუ შემომთავაზებთ ღვინოში, არ ავიღებ მაინც! ოცდარვა წელზე მეტია იმ ღვინოს არ გავკარებივართ დარასელიები და ფულს ავიღებ, როგორ გგონიათ?
გამომძიებელი თაბაშირში ჩასმულ საკუთარ ხელს დააცქერდა.
- აბა, მართლა არსებობს ოცდარვა წლის ღვინო? - იკითხა მან და სტენოგრაფისტ გოგოს შეხედა.
- შვილებს გეფიცებით, ხვიჩას და კაჯის და, შვილიშვილებსაც, ქეთის და უმცროს ხვიჩას! - ფიცი მაგიდაზე ხელის დატყაპუნებით წარმოთქვა ბაგიმ.
გამომძიებელი ისევ სტენოგრაფისტ გოგოს მიაჩერდა, სტენოგრაფისტმა კი დაკითხვის ოქმში ჩაიხედა, თითქოს იქ უნდა ამოიკითხოს პასუხიო.
- შეიძლება ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, რომ თქვენ მოგცეთ ის ღვინო! - თქვა ბაგიმ. - რომც არ გამიშვათ მაინც გაჩუქებთ იმ ღვინოს. სულ ერთია, ჩემი ბიჭები მაინც გამომიყვანენ აქედან, აგერ ნახავთ თუ არა!.. ოღონდ ამ ღვინოს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა მოკვდეს. არც ჩემმა ბიჭებმა და არც ჩემმა სიძემ არ იციან მაგ ღვინის ამბავი. ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლოთ და ბიძაჩემის წყევლა არ ასცდებოდათ მაშინ!
- აბა მე დაწყევლილ ღვინოს მტენი?! - აღშფოთდა გამომძიებელი.
- სიტყვას მოჰყვა, თორემ ღვინო კი არ დაუწყევლია ბიძაჩემს, ქვევრზე თქვა, გადაუძახეთ ხევშიო. კაცი სიკვდილის წინ რომ დაიბარებს, გადაუძახეთ ქვევრს ხევშიო, ასე გამოდის, რომ იმ ქვევრიდან ღვინო ჩვენი გვარის კაცს არ დაელევა. აი თქვენთვის კი ნამდვილად ალალი იქნება. ხომ გითხარით, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი-მეთქი?
- დაზარალებულისაც? - გესლიანად იკითხა გამომძიებელმა.
- შეიძლება!.. იმიტომ რომ, ის უხსენებელი დაზარალებული რომ არ ყოფილიყო, ვერც თქვენ შეგხვდებოდით...
- ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულს იმ ღვინოში, თუ არ აიღებ ჩაგალპობ ციხეში! - თქვა გამომძიებელმა. - თუ მატყუებ, მაშინაც ჩაგალპობ!
- ვერ ავიღებ მე ფულს! რა სინდისით დავუნთო მერე ბიძაჩემს სანთელი საკურთხზე, ან როგორი თვალით შევხედო, როცა იმქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს?!
- აი ამ ხელებით მოგახრჩობ, თუ არ აიღებ! - კბილებიდან გამოსცრა გამომძიებელმა და ბაგი დარასელიას ჯერ საღი ხელი აჩვენა, შემდეგ თაბაშირში ჩასმულიც.
- არ ავიღებ! - თქვა ბაგიმ. - ბიძაჩემის სული არ მაპატიებს!
- მე კიდევ გჭირდებით, თუ შემიძლია წავიდე? - გაუბედავად იკითხა სტენოგრაფისტმა გოგომ.
- წადი, მაგრამ არ გაინტერესებს მაინც, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? - გაოცება ვერ დამალა გამომძიებელმა.
- ის ფული, ღვინოში რომ სთავაზობთ ეჭვმიტანილს, აიღეთ და დაზარალებულს მიეცით კომპენსაციად ეჭვმიტანილის სახელით, ისიც ადგება და საჩივარს გამოიტანს. მერე თქვენც ადექით და იჩუქეთ ის ღვინო და მერე მეორე ოცდარვა წელი მაინც დაგრჩებათ მოსაგონრად და სატრაბახოდაც მისი გემო! - უპასუხა სტენოგრაფისტმა გოგომ და მისი კდემისთვის შეუფერებელი თავდაჯერებულობით გაიღიმა.
 
© „ლიტერატურაცხელიშოკოლადი
 

სტიქიოსნობა

$
0
0

ზაზა ფაჩუაშვილი

32 წლის წინათ, როცა მე და მამაჩემი “ლაზის” მარკის ავტობუსში გავიჭედეთ და ლაგოდეხის რაიონის სოფელ კავშირისკენ წავრახრახდით, მშვენიერი დღე იყო და, თუ ჩვენი გადახრილი ავტობუსის ტექნიკურ მდგომარეობას არ გავითვალისწინებდით, სტიქიის მომასწავებელი არაფერი იგრძნობოდა.
40 მგზავრის ნაცვლად 80 სულიერი ერთეულით და უამრავი უსულო საგნით გატენილი ავტობუსი ასფალტამოტეხილ გზაზე ისეთი თამამი ამპლიტუდით მიირწეოდა, ნამდვილად გააკვირვებდა დღევანდელი “ნისანის” მონარნარე ელექტრომობილის კონსტრუქტორებს. დღეს მეც ძალიან მიკვირს, მოსახვევებში როგორ არ ვყირავდებოდით, მაგრამ მაშინ ამაზე სულაც არ ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის დაუძახებდა მხიარული მამაჩემი ჯმუხ მძღოლს, ე, მაქანა გამიჩერეო.
ძალიან მიყვარდა მამასთან ერთად სოფელში წასვლა. ეს სურვილი განსაკუთრებით გამიმძაფრდა 13-14 წლის ასაკში, როცა მამაჩემს უკვე მთელი დატვირთვით ვეხმარებოდი და იმის უფლებაც მქონდა, რომ სახიფათო სიმაღლეზე მის მაგივრად მე ავსულიყავი. უწონადობაში გადამყვანი სიხარული მეუფლებოდა ხოლმე, როცა ბოსლის სახურავზე ფიცრის დასაჭედებლად ან შიფერის გამოსაცვლელად ავდიოდი. მამაჩემი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი კი დაბლიდან მგულშემატკივრობდნენ. ბაბუაჩემი გაღიმებული იდგა და მოჭუტული თვალები უწყლიანდებოდა; ბებიაჩემი ფორიაქობდა და კაცებს საყვედურობდა, ეს ბოვში რატო აუშვით მაღლაო. მამაჩემი თითქოს წყნარად მიყურებდა, მაგრამ ვამჩნევდი, რომ ჩემს ყოველ მოძრაობას იმეორებდა: ჩემთან ერთად მიხოხავდა, ჩემთან ერთად ამაგრებდა სიმძიმეებს, აჭედებდა, აძრობდა და ბოლოს საქმიანი ტონით დამიძახებდა, ჰე, ეყოფა ახლა, მაგას მეტი არაფერი უნდაო. მეც სანამ ჩამოვიდოდი, მთელ ძალებს ვიკრებდი, რომ სახეზე გამოხატული კმაყოფილება დამემალა, თუმცა ბებიაჩემთან რას გავხდებოდი. როგორც კი მომიგულებდა, მაშინვე მოიქცევდა ხელისგულებში ჩემს ლოყებს, სახეს ახლოს მომიტანდა და მიჩურჩულებდა:
- რა გიხარია, ბებია, გამისკდა გული, აღარ ახვიდე მაღლა. მაგას ბაბუაშენი და მამაშენი მიხედავენ.
მერე თითებს მომითათუნებდა, მუდარით სავსე თვალებით შემომხედავდა, რომ მისთვის დამეჯერებია და საქმეზე გატრიალდებოდა.
ამასობაში მამაჩემი და ბაბუაჩემი ახალ სიმაღლლეებს შეჰყურებდნენ და შეკეთების ვარიანტებზე ბჭობდნენ. მერე დავალებასაც მომცემდნენ და ისევ იწყებოდა ფარდულიდან გამოსული ბებიაჩემის გულისფანცქალი, რაც სასიამოვნო სიამაყით მავსებდა.
იმ დღესაც, 32 წლის წინათ, 4 საათის განმავლობაში საბჭოთა განზომილებაში მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივაღწიეთ გრიგოლას სანატრელ ბოგირამდე და შვებით ამოვისუნთქეთ. შებინდებული იყო, როცა ეზოში შევედით და განათებულ ფანჯარაში შევიხედეთ. მაგიდასთან ისხდნენ თავდახრილები. ბებიაჩემს ხელში ნემსი და ძაფი ეჭირა და თითქოს ცხვირთან მიტანილ ნაჭერს უმიზნებდა, ბაბუაჩემს კი თავი გაზეთში ჰქონდა ჩარგული. ფანჯარაზე კაკუნს რომ არავინ გამოეხმაურა, კარი შევაღეთ და… ჩათვლიმა, თურმე, ორივეს. იმ კარის ჭრიალზე ვინ არ გაიღვიძებდა და ატყდა “უიმე, თქვენ გენაცვალეთ და ვაიმე, თქვენი ჭირიმეს” ტრიალი. ბებიაჩემი არ შეცვლილა, ყოველთვის ასეთი იყო და პირიდან სულ თაფლი და თათარა ამოდიოდა. ბაბუაჩემი კი თავშეკავებით უმკლავდებოდა მოზღვავებულ სიხარულს. როგორ ვატყობდი? - ჩვენი დანახვისას პატარა ბავშვივით მოუგროვდებოდა ხოლმე ტუჩები, თითქოს ტირილი უნდა დაიწყოსო. ძლივს ახერხებდა გაღიმებას და გულში ჩაკვრას. მერე ცოტა შეყოვნდებოდა და ხელს რომ გაგიშვებდა, ჩვეულებრივი ვანო პაპა იყო, მაგარი კაცი, სოფლის თამადა და თავი. მიცვალებულსაც კი არ უშვებდნენ საფლავში მის მიერ წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვის გარეშე.
მოკითხვას უმალ მოჰყვა ყველი, პური, მჟავე, ჩახოხბილი და ლიტრანახევრიანი რქაწითელი, მაგრამ ბებიაჩემი რის ბებიაჩემი იქნებოდა, ხაჭაპურის, ჩიჟი-პიჟისა და შემწვარი წიწილას გარეშე რომ დავეძინებიეთ. ჩვენს სავახშმო იდილიას კი, ჩემი აზრით, ძალიანაც უხდებოდა შხაპუნა წვიმის ფონი. ერთი-ორჯერ ელვა და ჭექა-ქუხილი უსიამოდ კი შემოგვეჭრა ოთახში, მაგრამ რქაწითლით გათამამებულებს ამისთვის ყურადღებაც არ მიგვიქცევია. წვიმის გამო მეორე სართულზე ასვლა დაგვეზარა და ყველანი დაბლა, ჩვენს საყვარელ ოთახში დავწექით. ბებიაჩემმა ტახტზე მოისვენა, მამაკაცები კი “სეტკიან კრაოტებში” გამოვიჭიმეთ. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როცა საბანში გავეხვიე, ჩავთბი და უფროსების ტკბილ საუბარს მივაყურე.
ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, რამ გამაღვიძა, წყლის სისველემ თუ უფროსების ხმაურმა, მაგრამ, როცა თვალი გავახილე, სველში ვიწექი, უფროსები კი მუხლამდე წყალში იდგნენ და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. უფრო სწორად, კარს ბებიაჩემი აწყდებოდა და ყვიროდა, გამიშვით, საქონელი დამეხრჩობა, ბაგაზე მიბმული დავტოვეო. ბაბუაჩემი და მამაჩემი კი აკავებდნენ, ქალო, რა დროს ძროხებია, ჩამოიქცა ცა, გარეთ რა გინდაო. ეს რა არის-მეთქი, - აღმომხდა ამასობაში და მამაჩემს მაშინ გავახსენდი მძინარე ბავშვი. სანამ ჩემამდე მოაღწევდა, საწოლზე წამოვხტი, მაგრამ “სეტკა” უფრო ჩაიწია და კოჭებამდე წყალში ჩავდექი. მამაჩემმა ხელში ამიყვანა და ტახტზე გადამიყვანა. სულ სველი ვიყავი. მერე, სანამ “ვეშოლკამდე” მივიდოდა, გასამშრალებელსა და ტანსაცმელს მომიტანდა, ბებიაჩემმა დრო იხელთა, ბაბუაჩემს გაუსხლტდა და გარეთ გავარდა. კარის გაღება და ოთახში ნიაღვრის შემოვარდნა ერთი იყო. მაშინ მთელი სიცხადით გავიგონე და დავინახე ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმაური და ცეცხლოვანი მძვინვარება. ახლა, ამ სტრიქონების შემდეგაც კი, მიგუბდება ყურები და მიჭრელდება თვალები.
მამაჩემი ბებიაჩემს გაჰყვა, ბაბუაჩემი კი მარნისკენ წასულა “ლამფის” გამოსატანად. მე კარგა ხანს დავრჩი გაშეშებული. თითქოს, იმ ცას, ზემოდან რომ ჩამოიქცა, ჩემი სახურავისტოლა ვაჟკაცობა სულ მთლად გაეცამტვერებინა და მიწაზე დაენარცხებინა.
იმდენხანს ვიყავი სახტად, რამდენი დროც დასჭირდებოდა ბაბუაჩემის მიერ მუხლამდე წყალში მოცურავე სკამების, “კალოშების”, რეზინის ჩექმების, წინდებჩაწყობილი ფეხსაცმელების, ღია ვერანდაზე მდგარი ხის კუშეტკის, თავსხმამდე თხილითა და სიმინდით სავსე ალუმინის თასების, ქვაბების, სიმინდის ტაროების, ცოცხების, იატაკისა და კართან აყუდებული ხელჯოხების ატორტმანებული ბარიერის გადალახვას, სერვანდის უჯრაში ასანთის პოვნას, გაკვრას, სერვანდის თავიდან “ლამფის” ჩამოღებას, ანთებას და უკან ვერანდაზე გამოსვლას. ფანჯრიდან დანახულმა ბაბუაჩემის შუქურამ ერთიანად გამომაფხიზლა, მამაჩემი და ბებიაჩემი მომანატრა, თითქოს საუკუნე გასულიყო, რაც ჩემგან შველას ითხოვდნენ. იმ სუსტ “ლამფის” შუქს იმაზე მეტი ძალა აღმოაჩნდა, ვიდრე ჯოჯოხეთური უკუნისა და ზევსისებური ელვის დამაბრმავებელ მონაცვლეობას. სანამ ბაბუაჩემი ვერანდას გაივლიდა და ეზოში გასასვლელ კარამდე მიაღწევდა, შარვალი ავიკაპიწე და ტახტიდან ჩამოვხტი. თითქოს კოჭიდან მუხლამდე რაღაცამ გამსერა და სხეულში ყინვა შემოუშვა. გამაჟრჟოლა. წყლის ზედაპირს ხელი მოვავლე და სეტყვის კაკლებისაგან შეწეპებული ყინულის ნაჭრები ამოვიღე. ამ შეყინული ტეხილებით ყოფილა სავსე ზედაპირი. პირველი ნაბიჯი გამიჭირდა, მაგრამ ყოველი მომდევნო სულ უფრო და უფრო მიადვილდებოდა და როცა ვერანდაზე გავედი და ბაბუაჩემს დავეწიე, ფეხების ტკივილს ვეღარც ვგრძნობდი. ან რა უნდა მეგრძნო, როცა გამუდმებულ ელვას და კაკლისოდენა სეტყვას ღამე სულ მთლად გაეღიავებინა, გარემო კი წაეშალა. მოაჯირიდან მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა გვჭირდებოდა, რომ მეორე სართულის დიდი აივნის ქვეშ შევსულიყავით, რომლის გავლის შემდეგ კიდევ ხუთი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდებოდა ბოსელში შესვლამდე, სადაც ჩვენები გვეგულებოდნენ. ბაბუაჩემმა ლამფა იღლიის ქვეშ მოიქცია და ვერანდის ქვეშ შევარდა. მეც მივყევი, მაგრამ თავპირში იმდენი ხოშკაკალა მომხვდა, ყურები სულ ამეწვა. ასე ჩვენმა დამსახურებულმა პედაგოგებმაც კი არ იცოდნენ ყურების ტკენა. აივნის ქვეშ დაგუბებული წყალი აღარ იყო, მაგრამ ჩქარ დინებას იმდენი ხარა-ხურა მოჰქონდა, რომ კოჭები მთლად დაგვეჟეჟა.
ხუთი ნაბიჯის გადადგმა აღარ დაგვჭირვებია, ბოსლის მხრიდან მამაჩემის ხმა გვიახლოვდებოდა. მოდი, მოდი, დედა, აქეთ, უყვიროდა ის ბებიაჩემს. ცოტაც და ორივე აივნის ქვეშ შემოვიდნენ. მამაჩემს მკლავები აეწია, თავის გარშემო მრგვალად შეეკრა და სიდედრს გადაფარებოდა. ბებიაჩემს კი ისეთი ფერმკრთალი სახე ჰქონდა, ელვის ფონზეც კი ემჩნეოდა. მარიამ! - მომესმა ბაბუაჩემის შეშინებული ხმა. გამიკვირდა, ასე არასოდეს მიმართავდა ცოლს, ჩვეულებრივ მაროს ეძახდა. მარიამ! - გაისმა მეორედ, რასაც მამაჩემის ძახილი მოჰყვა, ჩქარა, ჩქარა, მეორე სართულზე ავიდეთო. ბებიაჩემმა კიბეზე ასვლა ვეღარ შეძლო და მამაჩემმა აიტატა. ხელი მეც შევაშველე. ბებიამ კი მარცხენა მომხვია და მომეხუტა, თითქოს სტიქიის მიერ წართმეული პატარა ვაჟკაცობის ნაცვლად სიკვდილამდე მისატანი რაინდობა დამიბრუნა.
მეორე სართულზე შევტყაპუნდით თუ არა, ბებიაჩემს კანკალი დააწყებინა. ტახტზე დავსვით და ყურება დავუწყეთ. უფრო სწორად, მე და ბაბუაჩემი ვუყურებდით, როგორ ხტოდა ერთ ადგილზე თავიდან ფეხებამდე ათრთოლებული ქალი, თორემ მამაჩემმა სველი პერანგი გაიხადა, ჩაიმუხლა, ბებიაჩემის გაყინული ფეხები გულში ჩაიკრა და ორივე ხელით დაუწყო ზელა. დროდადრო ფეხები პირთან მიჰქონდა, აორთქლებდა და ისევ ზელდა. როგორც იქნა, მეც გამოვერკვიე, მივვარდი ბებიას და ხელების ზელა დავუწყე. ცოტა ხანში თავად ვიგრძენი, როგორ გამითბა სხეული და ბებიაჩემმაც იწყო დაშოშმინება. როგორც კი ტუჩების თრთოლვამ გაუარა, ბუტბუტი დაიწყო: ღმერთო, შენ გვიშველე! ღმერთო, შენ გვიშველე! ღმერთო, შენ გვიშველე!
მარიამ! - გაისმა მესამედ ბაბუაჩემის უკვე გამამხნევებელი ტონი და დავცხრით, დავეყარეთ დივანზე ერთმანეთთან მიხუტებულები. ნელ-ნელა გუგუნიც მიწყნარდა. უკვე თენდებოდა, მაგრამ განძრევის თავი არ გვქონდა და ჩავყუჩდით.
რამდენი დრო გავიდა, არ ვიცი, მაგრამ დილით ისეთი მზე ამოვიდა, კოშმარული ღამე სიზმარი გეგონებოდათ. წამოვვარდით, გავვარდით აივანზე, ვისაც როგორი სისწრაფით შეგვეძლო და გავშეშდით. არემარე გადათეთრებულიყო, ფოთლისა და მწვანე ფერის ნასახიც კი არსად ჩანდა. ეზოში თოვლივით იდო ნახევარ მეტრამდე სეტყვა, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალიც თან ჩაეტანა და ჩაეყინა. მეზობლებს გადავხედეთ, ზოგი ჩვენსავით აივნიდან იყურებოდა, ზოგი უკვე ეზოში ფუსფუსებდა.
- ჰეი! რავა ხართ, ბიჯო! ღუტო!.. რაჟდენ!… სარიმან!… გრიგოლ!.. ანდრო! - რიგრიგობით გასძახა კარის მეზობლებს მამაჩემმა.
- კარგად, კარგად დევიქეცით, გონია, თქვენ, რავა ხართ! - შეგვეხმიანენ აქეთ-იქიდან.
- რა ვიცი, რავა ვართ, ახლა ვნახავ და მოგახსენებთ, - ჩაილაპარაკა მამაჩემმა და ქვემოთ ჩავიდა. ჩავყევით.
სულიერიდან მხოლოდ ვენახი დაგვეღუპა. ბებიაჩემის თავგანწირვამ ძროხები დახრჩობას გადაარჩინა. საქათმე არ ჩანგრეულა და ქანდარაზე შეფენილ ქათმებს წყალი ვერ მისწვდენოდა. ღორებს ახალ წლამდე ყოველთვის უმართლებთ. ისეთ ჩაბეტონებულ სადგომებში არიან, წარღვნაც ვერაფერს დააკლებდათ. წიწილებიც ბეტონის ფარდულმა გადაარჩინა, სადაც დიდი წყალი ვერ შევარდა.
პირველ სართულზე წყალს სქელი ლამი და მასში ამოსვრილი ნივთები დაეტოვებინა. ბებიაჩემმა ერთი კი შეიცხადა, მაგრამ ბაბუაჩემის ღიმილიანმა შეძახებამ, ნეტა შენც, მოგცლია, მთავარია ცოცხლები ვართო, ვიშვიში შეაწყვეტინა. კარ-მიდამოს შემოვლა სახლის უკან ვენახში გავაგრძელეთ. ბაბუაჩემი პირველივე მწკრივთან ჩაიკეცა და ვეღარ ავაყენეთ. მსხმოიარე რქაწითელიდან მხოლოდ ძირები და მსხვილი ყლორტები დარჩენილიყო და ისიც დახეთქილ-დაპობილი.
საბედნიეროდ მაშინვე მოვიდა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რაიონულ საავადმყოფოში მორიგედ მყოფი ნინა ბებო, ბებიაჩემის უმცროსი და, სანიტარული მანქანით და გულისხეთქებით, ცოცხლები ხართო. გააქანეს ბაბუაჩემი საავადმყოფოში. როგორც აღმოჩნდა, წნევასაც დაურტყამს და კუჭის წყლულიც გახეთქია. გადაჰყვა კაცი თავის ვენახს, რომელიც მალევე ავჩეხეთ და მერე ვეღარ გავაშენეთ მის გარეშე. ბაბუაჩემი მობრუნდა და რამდენიმე თვეში ფეხზეც დადგა, მაგრამ მუშაობა აღარ შეეძლო და თან რაღაც უცნაური გულჩვილობა დასჩემდა. თბილისიდან ჩასულებს დაგვინახავდა თუ არა, მკაცრი და შეუვალი ხასიათის მქონე კაცს სულ ცრემლი მოსდიოდა და ხმა უვარდებოდა. მისი გადამეტებული სიმკაცრე მთლიანად გახარჯულიყო და მის ადგილზე ცრემლისმომყვანი სიყვარული აღმოცენებულიყო.
ათი წელია ჩემს სოფელში აღარ ვყოფილვარ, მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემს ორივე ბებია მიჰყვა და კარიც გამოიკეტა. ამ წუთას კი ისე მომენატრა იქაურობა, უნდა წავიდე. რქაწითელიც უნდა ჩავყარო. ტყუილად ხომ არ დაადნო ერთი კვირის მცხუნვარების შემდეგ მაშინდელმა მზემ წვიმისა და ცივი ქარის ნაბიჭვარი სეტყვა.
 

© "24 საათი"

აკა მორჩილაძე – ღვინო!

$
0
0

კრებულიდან “საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე” (2005) 

მე ასე მჯერა, რომ ღვინო რომ არ იყოს, საქართველოც არ იქნებოდა. თუკი საქართველო რამეს უჭირავს, ერთ-ერთი ამათგანი არის ღვინო. იცინი სვამ, ტირი სვამ, სვამ დილიდან და ნაშუაღამევს. ღვინო აერთიანებს და აცალკევებს, ღვინო მალავს იმ დარდებს და აღვიძებს მსახიობობის სურვილს, ღვინო შვებასა გვრის ამტან კაცს და ეხმარება მას მოქნილ აზრთა დალაგებაში.
საქართველოში ყველაზე დიდი საოცრება არის ქვევრიდან ამოვარდნილი სურნელი. ამაზე კარგი, ამაზე ნამდვილი, ამაზე ბებერი და უბერებელი ჩვენს ქვეყანაში არაფერია. ღვინო უკვდავია და  მასზე ვერავინ ამბობს უარს. ღვინო კალიფორნიაშიც ბლომად იწურება, მაგრამ იქ იმას არ ნიშნავს, რასაც აქ. ღვინო მარადიულია და მასში მთელი ქვეყნის პოვნა შეიძლება, ისევე როგორც "ვეფხისტყაოსანში", თუმცა,  "ვეფხისტყაოსანში"რატომღაც აღარ ეძებენ. მიზეზები  ძნელი ჩამოსათვლელია, ერთ-ერთი ხომ მსუბუქად მიმოვიხილეთ. თუ ამას მიმოხილვა ჰქვია. (...)
 
(...) ამ გაზაფხულზე ერთი ხნიერი გაღმელი მწერალი იყო აქა. ადრე ვიცნობდი ამ მართლა კაი და დაფიქრებულ კაცს, რომელმაც თავისი ქვეყნისა ბევრი იცის და საინტერესოდაც განიხილავს. მისი ნათქვამი მისმა მასპინძელმა მიამბო: ენგურის სათავემდე მიუყვანიათ და იქ უთქვამს გრძნობამორეულს, ცხადია, ჭიქით ხელში: გაუმარჯოს ნამდვილ რამეებს, რომელიც არის ამ ქვეყანაში, წინწკლებიან კალმახს, ძროხის ნაკელს და ძმაკაცობასო.
 მეც მანდა ვარ. ნამდვილი რამეების საკითხში. აქ ძალიან ბევრია ნამდვილი რამე. იოლად ვერ იტყვი, გვაქვს ის, რაც გვაქვსო, ვინაიდან სწორედ ის არ გვაქვს, არამედ სრულიად სხვა, უკეთესი და ნამდვილი. ოღონდ მიმალულია, ისევე როგორც ტარიელი, ასმათის გამოქვაბულში. (...)
 
პუბლიკაცია ხორციელდებაღვინის კლუბისსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

ლუის ბუნუელი - ჩვეულებრივი სიამტკბილობანი

$
0
0
ნაწყვეტები მოგონებათა წიგნიდან
 
ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ბარებში მაქვს გატარებული. ბარი - ის ადგილია, სადაც შეიძლება მიეცე ფიქრს, მოიკრიბო სულიერი ენერგია, აღივსო ახალი შთაბეჭდილებებით... ახლა, ამ საუკუნესავით ბებერი, სახლიდან აღარ გამოვდივარ, ვზივარ ჩემ პატარა ოთახში და ვიგონებ საყვარელ ბარებს.
ახლავე უნდა ვთქვა, რომ ბარი განსხვავდება კაფესაგან. ვთქვათ, პარიზში კარგ ბარს ვერ იპოვით, სამაგიეროდ ეს ქალაქი სავსეა შესანიშნავი კაფეებით. კაფეები, ტერასები და თამბაქოს კიოსკები რომ არა, პარიზი ატომისაგან განადგურებულ ქალაქს დაემგვანებოდა.
სიურეალისტები უმეტესად კაფე “სირანოში” იკრიბებოდნენ. ასევე მიყვარდა “სელექტი” ელისეს მინდვრებზე. მონპარნასის ბულვარზე “ლა კუპოლის” გახსნაზეც ვიყავი მიწვეული მან რეისთან და არაგონთან ერთად. ყველას ვერ ჩამოვთვლი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ კაფე ჩემში იწვევს დისკუსიების, ხმაურიანი გარჩევების, ლამაზის ქალების ასოციაციას.
ბარი კი პირიქით, მარტოობის სავარჯიშოა. პირველ რიგში, ის უნდა იყოს წყნარი, საკმაოდ ჩაბნელებული და მყუდრო ადგილი, სადაც შორიდან მომავალი ნელი მუსიკის ჰანგებიც კი შეიძლება აღაკვეთინო (დღეს გავრცელებული ჩვევებისაგან განსხვავებით).
მადრიდში მომწონდა სასტუმრო “პლასასთან” მდებარე ბარი, ასევე ბარი “ჩიკოტე”, რომელთანაც ბევრი მოგონება მაკავშირებს. თბილად მახსენდება ნიუ-იორკისა და მეხიკოს ბარებიც...
ახლა დროა, სასმელზე გადავიდეთ. თუმცა, ამ თემაზე ისე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, ვშიშობ, თავი არ მოგაწყინოთ.
ყველაზე უფრო ღვინო მიყვარს, განსაკუთრებით წითელი. საფრანგეთში ნახავთ როგორც კარგ, ისე ცუდ ღვინოსაც. ძალიან ვაფასებ ესპანურ “ვალდეპენიასს” და “იეპესს”. იტალიური ღვინოები არანატურალური მეჩვენება.
ამერიკაში გთავაზობენ კარგ კალიფორნიულ ღვინოებს - კაბერნეს და სხვებს. ზოგჯერ ვსვამ ჩილესა და მექსიკის ღვინოსაც და, ალბათ, სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არასოდეს ვსვამ ღვინოს ბარში. ღვინო გვანიჭებს ფიზიკურ სიამოვნებას, მაგრამ ვერ ანვითარებს წარმოსახვას.
წარმოსახვის თამაშს ხელს უწყობს ინგლისური ჯინი. ჩემი საყვარელი სასმელია - “დრაი-მარტინი”. როგორც ყველა კოქტეილი, ესეც ამერიკული აღმოჩენაა, მიიღება ჯინისა და რამდენიმე წვეთი ვერმუტისაგან. “დრაი-მარტინთან” ერთად ხშირად ვსვამ კოქტეილს, რომელიც თვითონ გამოვიგონე და “ბუნუელონი” დავარქვი. კაცმა რომ თქვას, ეს ცნობილი “ნეგრონის” ჩვეულებრივი პლაგიატია მცირეოდენი განსხვავებით.
ვიმედოვნებ, ლოთი არავის ვეგონები. რა თქმა უნდა, მქონდა პერიოდები, როცა უგონოდ ვილეშებოდი, თუმცა, სმა ჩემთვის მაინც რიტუალია, რომელიც მსუბუქ თრობას, თავბრუხვევას და სიმშვიდეს იწვევს. სასმელი მეხმარება ცხოვრებაშიც და მუშაობაშიც. არ მახსოვს, ერთი დღე მაინც გამეტარებინოს ალკოჰოლის გარეშე...
შეუძლებელია სვამდე და არ ეწეოდე. თექვსმეტი წლისამ დავიწყე წევა და დღემდე არ მიმიტოვებია. თუმცა, დღეში ოც ღერ სიგარეტზე მეტი არ მომიწევია. რას ვეწეოდი? ყველაფერს, რაც მომხვდებოდა. ძირითადად, შავთუთუნიან ესპანურ სიგარეტებს. ბოლო ოცი წელია, ფრანგულ “ჟიტანს” და “სელტიკს” მივეჩვიე, ჩემი აზრით, საუკეთესო სიგარეტებს.
თამბაქო შესანიშნავად ერწყმის ალკოჰოლს (თუ ალკოჰოლი დედოფალია, თამბაქო - მეფეა) და ცხოვრების იდეალური თანამგზავრია. სიგარეტი მეგობარია სიხარულშიც და მწუხარებაშიც, მარტოობაშიც და ხალხმრავლობაშიც. თამბაქოს მრავალგვარი სიამოვნება მოაქვს, როგორც ვიზუალურად (რა სჯობს ლამაზად გაფორმებული სიგარეტის ყუთების ცქერას), ისე სურნელით და შეხებით. ჩემთვის თვალი რომ აეხვიათ და ისე ჩაედოთ პირში სიგარეტი, არ მოვწევდი. სიგარეტს მაშინ აქვს გემო, როცა შენი ხელით გახსნი, თითებში მოსრისავ, ცეცხლს მოუკიდებ, მოქაჩავ და იგრძნობ, როგორ გეღვრება ტანში სითბო.
ერთი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი ნაცნობი, ბასკი დორონსორო ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ჟანგბადის ბალიში მიუტანეს, მაგრამ მან ნიღაბი მოიცილა და სიგარეტი მოითხოვა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა იმ სიამოვნებას, რომელმაც ბოლო მოუღო.
ალკოჰოლსა და თამბაქოზე საუბრის დასასრულს მინდა მოგმართოთ ყველას და ორმაგი რჩევა მოგცეთ: არ დალიოთ და არ მოსწიოთ, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.
იმასაც დავამატებ, რომ ალკოჰოლი და თამბაქო სიყვარულსაც ალამაზებს. ჩვეულებრივ, ყველაფერი ალკოჰოლით იწყება და თამბაქოთი მთავრდება. ნუ ელოდებით ჩემგან რაიმე ეროტიულ აღსარებას, ჩემი თაობის ადამიანები, განსაკუთრებით კი ესპანელები, ქალებთან ტრადიციული მორცხვობით და, ალბათ, დუნიაზე ყველაზე ძლიერი ტემპერამენტით გამოირჩევიან.
ეს, ალბათ კათოლიკური ეკლესიის დამსახურებაა. ქორწინების გარეშე სასიყვარულო ურთიერთობების აკრძალვამ განსაკუთრებული სექსუალური ლტოლვა გამოიწვია. აკრძალული ხილისა არ იყოს, შეფარული ხორციელი ტკბობაც უფრო გემრიელია. ეჭვი არ მეპარება, ესპანელი უფრო დიდ ტკბობას განიცდის სიყვარულში, ვიდრე ჩინელი ან ესკიმოსი.
ჩემ ბავშვობაში ესპანეთში მხოლოდ ორი სახის სასიყვარულო ურთიერთობა იყო - ბორდელი და საქორწინო სარეცელი. პირველად რომ ჩავედი საფრანგეთში, დაუჯერებელი და შემზარავი სანახაობა ვიხილე, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა ქუჩაში. ასევე ძალიან მიკვირდა, როცა გავიგებდი, რომ ახალგაზრდა ქალ-ვაჟი დაუქორწინებლად ცხოვრობდა ერთმანეთთან, ეს ყოველივე უზნეობად მეჩვენებოდა.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ბოლოხანს ვამჩნევ, რომ მთლიანად გამიქრა სექსუალური ლტოლვა. ეროტიკული ხილვები სიზმარშიაც არ მაწუხებს, რაც ძალზე მახარებს, თითქოს ტირანისგან გავთავისუფლდი. მეფისტოფელი რომ გამომეცხადოს და კვლავ იმ უნარით აღვსება შემომთავაზოს, რასაც პოტენცია ჰქვია, მივუგებდი: “გმადლობთ, არ მინდა, ღვიძლი და ფილტვები გამიმაგრე, კიბო და ციროზი რომ არ დამემართოს”.
ყოველგვარი გულისწყრომისა და სინანულის გარეშე ვიხსენებ მადრიდელ მეძავებს, პარიზულ ბორდელებსა და ნიუ-იორკელ “ტაქსიგერლსებს”. პარიზის რამდენიმე “ცოცხალი სურათის” გამოკლებით მხოლოდ ერთი პორნო-ფილმი მაქვს ნანახი უცნაური სათაურით “ვაზელინის და”. მასში შიშვლად იყო ნაჩვენები, როგორ სიყვარულობენ მონასტერში ბერი, მებაღე და მონაზონი.
ასევე მინდა მოვყვე არშემდგარ ორგიებზეც. ასეთი საღამოები ძალზე გვაღელვებდა და გვიტაცებდა. ერთხელ ჰოლივუდში ჩარლი ჩაპლინმა სცადა ასეთი შეხვედრის მოწყობა, პასადენადან სამი უმშვენიერესი გოგონაც ჩამოიყვანა, მაგრამ რად გინდა, გოგონები ვერ შეთანხმდნენ, რადგან ყველას ჩაპლინთან უნდოდა ყოფნა, იჩხუბეს და წავიდნენ.
ერთხელაც, ლოს-ანჯელესში მე და ჩემმა მეგობარმა უგარტემ ორი მსახიობი მოვიწვიეთ. ყველაფერი მზად იყო - ყვავილები, შამპანური, მაგრამ კვლავ წარუმატებლობა: გოგონებმა ერთი საათი დაჰყვეს და გაიქცნენ.
პარიზში ჩამოსულმა ერთმა საბჭოთა რეჟისორმა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მთხოვა მისთვის მოგვეწყო პატარა “პარიზული ორგია”. ამის თაობაზე არაგონს მივმართე, მან კი არ დააყოვნა: “ესე იგი, გინდა, რომ შენ...?” და ისეთი სიტყვა იხმარა, რომელსაც ვერ გავიმეორებ. არაფერი ისე არ მაღიზიანებს, როგორც ბოლო დროს ჩვენს ლიტერატურაში ასე გავრცელებული უხამსი გამოთქმები. ზნე-ჩვეულებათაგან ასეთი მოჩვენებითი გათავისუფლება - ნამდვილი თავისუფლების მხოლოდ საცოდავი პაროდიაა და მეტი არაფერი. ამიტომაც ვერ ვიტან ამგვარ სექსუალურ კადნიერებას და სიტყვიერ ექსჰიბიციონიზმს.
 
თარგმნა  უჩა შერაზადიშვილმა
 
©“24 საათი

“თეთრი ცხენის” საქმე

$
0
0

საფრანგეთში დასრულდა ხუთწლიანი სასამართლო პროცესი, რომელიც  მიმდინარეობდა სენტ-ემილიონში მდებარე ცნობილ მეურნეობა Château Cheval Blanc-სა და მეორე მწარმოებელს Château Guiraud-Cheval-Blanc-ს შორის.

ეს ორივე მეურნეობა ბორდოში მდებარეობს, თუმცაChâteau Guiraud-Cheval-Blanc-ის აპელასიონი (ანუ ადგილწარმოშობის საგარანტიო ნიშანი) არის Côtes-de-Bourg. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ამიერიდან მას ეკრძალება გამოიყენოს თავისი ღვინოების დასახელებაში სახელგანთქმული მარკა «Cheval Blanc» (“თეთრი ცხენი”). როგორც სასამართლოს დადგენილებაში ითქვა, შესაძლოა მსგავსმა დასახელებებმა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად Château Guiraud-Cheval-Blanc-ის      მფლობელები შეეცადნენ ესარგებლათ ცნობილი ღვინის რეპუტაციით. დღეს ბევრი სახელგანთქმული ღვინის მწარმოებელი შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ყველას, ვინც ნებისმიერი ფორმით შეეცდება მათი სახელის თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

წაგებული მხარის  არგუმენტებმა იმის შესახებ, რომ ორივე ღვინო სხვადასხვა ლიგას მიეკუთვნება და Château Guiraud-Cheval-Blanc –ი არ აპირებდა სენტ-ემილიონის გრანდის სახელს უკან ამოფარებას, სასამართლოზე გავლენა არ იქონია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იყო შეუვალი, მათ მაინც გაითვალისწინეს Château Guiraud-Cheval-Blanc-ის განმარტებები და არ დააკისრეს ფულადი ჯარიმა, რომელსაც თავიდან სენტ-ემილიონის წარმომადგენლები მოითხოვდნენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

...დაბადებული ღვინის ქვეყანაში!

$
0
0

აუდიო მოისმინეთ აქ

პაატა ქურდაძე

ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ მაინც გამიმართლა. ღვინის ქვეყანაში დავიბადე და მეორე ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ... იმედი მაქვს არაყის ან ლუდის ქვეყანაში არ მოვკვდები,  იმიტომ არა, რომ არც ერთი არ მიყვარს.  ასე მგონია,  რომ ჩემთვის ღვინის ქვეყანაში სიკვდილი უფრო ადვილი იქნება, ისევე როგორც სიცოცხლე. რატომ მგონია არ ვიცი, კაცმა რომ თქვას ადვილი სიცოცხლე არსად მქონია, ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ღვინის ქვეყნებში უფრო მეტი შანსი გაქვს  "წაღმა გეჩვენოს, ქვეყნის უკუღმა ტრიალი".

შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ღვინის მსმელ ერებს შორის არის რაღაც უხილავი მაგნიტიზმი, ღვინო კონვივიალურია, ის აერთიანებს, მძიმე ალკოჰოლი კი პირიქით, თიშავს, მარტოობისკენ გიბიძგებს, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ესე მოქმედებს. 

თუმცა იმისთვის, რომ ღვინის ქვეყანა გახდე, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ვენახი გააშენო, ტექნოლოგიურად სრულყოფილი ქარხანა ააგო და მარკეტოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი, თუნდაც ძალიან კარგი ღვინო აწარმოო. ფრანგს, იტალიელს ან ქართველს ვერ ექნება ჩინელთან ეს უხილავი ტანინიანი ძაფები გაბმული, რომელიც ერთმანეთთან აქვთ. რადგან ჩინეთმა, სულ რომ გააკოტროს ფრანგული და იტალიური ღვინის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა რომ  მშვენიერი ღვინის გამოშვება ისწავლა, ღვინის ქვეყანა მაინც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გახდება. რადგან ღვინის მწარმოებელსა და მეღვინეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პურის მწარმოებელსა და მეპურეს შორის. მეპურეები კი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ესე ადვილად ამ წოდებას ვერ მიიღებ, საფრანგეთში, იმისათვის რომ პურის  მაღაზიას საფუნთუშე ანუ ბულანჟერიე ერქვას, პატრონი იძულებულია არა მხოლოდ ადგილზე  გამოაცხოს, არამედ ცომიც აუცილებლად იქვე მოზილოს. მაგარი ხალხია, ყოველ დილას ხუთ საათზე იწყებენ  ცომის ზელას...  თუმცა ფრანგ ხაბაზებზე, ანუ ბულონჟერებზე სხვა დროს იყოს.

90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში გადმოვედი საცხოვრებლად, საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთთან აიგივებდნენ და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ძირითადად ყინვაზე, ვოდკაზე და  ქერა გოგოებზე მელაპარაკებოდნენ, თან ეშმაკურად მიპაჭუნებდნენ თვალს, უფრო კულტურულები კი ბალეტზე, ჩეხოვზე და ტროცკიზე... დაუღალავად ვუხსნიდი ყველაფერს გაოგრაფიიდან დაწყებული დამწერლობით დამთავრებული, მაგრამ ავიწყდებოდათ და რამდენიმე დღეში, ამინდი ცოტათი გაფუჭდებოდა თუ არა, იგივეს მეკითხებოდნენ: "ჰა.. მუსიე, ეხლა თქვენთან მაგრად ყინავს არა? ვოდკა, ბანია და... ტანია ჰა?"  ხითხითებდნენ და მრავალმნიშვნელოვნად თვალებს მიპაჭუნებდნენ გაუთავებლად, სანამ ნერვებაშლილი თავიდან არ ვიწყებდი ჩემი ბოხჩაში გამოკრული საცოდავი ეროვნული ფასეულობების ამოლაგებას სათითაოდ...  "ა ბონ?"ამბობდნენ გაკვირვებულები, რაც ჩვენებურად დაახლოებით იგივეს ნიშნავს რაც "რას ამბობ, მართლა?"და მაშინვე სხვა თემაზე გადადიოდნენ, ძალიან მოხერხებულად.

მოგვიანებით დაკვირვებების შედეგად მივხვდი,  რომ ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებდნენ განსხვავებას ქართველსა და რუსს შორის, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ქართველები ღვინის მსმელი ხალხი ვართ, და ყველაზე კარგი ღვინო, ყველი და პური გვაქვს მეთქი. ამაზე სერიოზულ კითხვებს  მისვამდნენ, რომელზე პასუხი მაშინ არ მქონდა. რადგან ღვინო ჩემთვის მანამდე არასდროს ყოფილა კულტურის ნაწილი. ვიცოდი მხოლოდ რომ ეგრეთწოდებული უშაქრო ღვინო კარგი იყო, გაკეთებული, ანუ შაქრიანი კი-ცუდი. ვიცოდი, რომ ღვინოს დასათრობად სვავენ, რომ ის დღესასწაულის მთავარი  ატრიბუტია და არა გასტრონომიის ნაწილი, როგორც ეს ფრანგების შემთხვევაშია...

საკვირველი იყო:  მიუხედავად იმისა, რომ ნებიმიერი ფრანგიც ზუსტად იგივეს ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი პური, ყველი და ღვინო აქვს, არავინ შემკამათებია, პირიქით სახე უნათდებოდათ, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი მთვრალი ობობა დაბოდიალობდა და რაღაც კეთილ ქსელს ქსოვდა ღიღინით.

მართლაც, კაცი, რომელსაც თავისი პური, ყველი და ღვინო საუკეთესო ჰგონია, არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს, დიდი–დიდი ერთი ორი ჭიქა ზედმეტი ჰქონდეს გადაკრული.

მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ იესომ შემთხვევით არ აირჩია ღვინო და პური საიდუმლო სერობის მისტერიის აღსასრულებლად: იესოც ღვინის მსმელი იყო და იცოდა, რომ სხვა არც ერთ სასმელს არ აქვს  ესეთი  კეთილშობილური, ბრძნული თვისება დაეხმაროს ადამიანებს დროდადრო ერთმანეთის ნაწილად იგრძნონ თავი, და ამასთან ინდივიდუალობა არ დაკარგონ.

ღვინის სიყვარულიც  სწორედ სიყვარულივით ინდივიდუალურია: თითქოს ყველა შეყვარებულის სიმპტომი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ  ვინც არ უნდა იყოს, სხვისი აღწერილი სიყვარული შენი განცდილის თანხვედრი და, მით უმეტეს, მასზე აღმატებული ვერ იქნება. ჩემთვის მთელი ვიტიკულტურის საიდუმლო სწორედ ინდივიდუალობაშია. კარგი წითელი ღვინით ზომიერად შევსებულ მაღალი ჭიქის ყელს  თითებით ფრთხილად  ეფერები, მერე აიღებ, პირველი სურნელი, ტუჩებით ფრთხილად შეხება... პირველი პატარა ყლუპი პირველი კოცნასავით შემოდის შენში, და ის არასდროს არ წააგავს სხვა კოცნას...  ეს რა თქმა უნდა, როცა დიდი სიყვარული გაქვს... რაც იშვიათია. ფრანგები კი თვლიან, რომ ერთი დიდი სიყვარული ძალიან ცოტაა და ცხოვრებას მთლიანობაში უფრო ყოველდღიური პატარა, ცოტ-ცოტა  სიყვარული ალამაზებს. ამიტომ  ჩვენგან განსხვავებით ცოტა ღვინოს ყოველ დღე სვავენ. თუმცა ცხადია, არა ძვირფას ფრანგულ დიდ ღვინოებს, რომლებზეც ლეგენდები დადის. იშვიათად ნახავთ ფრანგულ სამზარეულოს, სადაც გულმოდგინედ საცობ დარჭობილ პატარა, ანუ ჩვენებურად, სუფრის ღვინის ბოთლი არ დგას, რომელშიც  შეიძლება სულ ერთი ჭიქა ღვინოა ჩარჩენილი, თავმოყვარე ქართველი, ცხადია ან ჩაცლის ამ ბოთლს ან გადააქცევს... ფრანგისთვის კი ეს პატარა სიყვარულის პატარა ნარჩენია, და უფრთხილდება...  არ ვიცი, თუ გინდათ ძუნწი დაარქვით, მაგრამ ბოლოში გასული,  ნახევრად დაცლილი  საიყვარულისას, ცოტა ძუნწი ყველა ხდება... დიდი და პატარა ღვინო ორივე ღვინოა ფრანგისთვის. ორივეს შესაბამის პატივს სცემს, პირიქით,  უცნობი პატარა მწარმოებლის პოვნა, რომლის ხარისხი ყველაზე დიდ აპელაციებს არ ჩამოუვარდება, ერთგვარი ნაციონალური სპორტიც კია, მაგრამ ამაზე  მოდით შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

ელის ფეირინგის "სრულქმნილი ღვინო"

$
0
0

AUDIO

მალხაზ ხარბედია

დიდი ხანია ქართულ ენაზე ღვინის ლიტერატურა არ თარგმნილა, არადა ბოლო წლებში ღვინის მწერლობამ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია და ისეთი მრავალფეროვანი გახდა, რომ ცუდი არ იქნება, თუკი ქართველი გამომცემლები მის თარგმნასაც მიაქცევენ ყურადღებას. ბოლოსდაბოლოს, ღვინის აკვნის ტიტულის მატარებელი ქვეყანა ვართ და წელიწადში 3-4 ასეთი წიგნის თარგმნა, სხვა თუ არაფერი, იმაში მაინც დაგვეხმარება, რომ დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ვადევნოთ თვალი და ამ კონტექსტში საკუთარი თავიც წარმოვიდგინოთ.

ელის ფეირინგის ეს წიგნიც, სახელწოდებით "სრულქმნილი ღვინო", რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოსცა საინიციატივო ჯგუფმა "ბლექ სი გრუპის"ფინანსური მხარდაჭერით, სწორედ ყველაზე თანამედროვე ტენდენციების შესახებ მოგვითხრობს მსოფლიო მეღვინეობაში, უფრო კონკრეტულად კი, ნატურალურ მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ მომხრეს და მიმდევარს პოულობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უნდა ითქვას, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ამ მოძრაობაში. სხვათა შორის, ელის ფეირინგის ამ წიგნის პრეზენტაცია სწორედ ნატურალური ღვინოების ბარ "ვინო ანდერგრაუნდში"გაიმართა, გალაკტიონ ტაბიძის №15-ში. ჩემმა სტუმარმა, შესანიშნავი ხაშმური საფერავის ავტორმა, მალხაზ ჯაყელმა სწორედ ეს საღამო გაიხსენა: 

"ძალიან კარგად მახსოვს ამ წიგნის პრეზენტაცია, სულ ორიოდე კვირის წინ ჩატარდა ვინო ანდეგრაუნდში, ნატურალური ღვინის ბარში... თვითონ ელის ფეირინგიც იყო ჩამოსული. კარგად მახსოვს იმიტომ, რომ მომიწია რთველის გაწყვეტა ერთი დღით, რათა ჩამოვსულიყავი და კიდევ ერთხელ შევხვედროდი ელისს, რომელსაც პირველად შევხვდი "ქვევრის ღვინის სიმპოზიუმზე". ეს სიმპოზიუმი ალავერდის მონასტერში ჩატარდა, შარშან, 2011 წელს და ელისი იზაბელ ლეჟერონმა გამაცნო მაშინ. ეს პატარა, ჩია, წითური ქალბატონი არის უაღრესად დიდი ენერგიის მქონე და ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც წერს ღვინოზე, როგორც ბლოგებს, ასევე რამოდენიმე წიგნიც აქვს უკვე გამოცემული... თუ არ ვცდები, ეს მესამეა".

ელის ფეირინგი აღიარებული ავტორია, წერს ღვინოზე მსოფლიოს წამყვან გამოცემებში, არის გარკვეული ღირებულებების ძალზე პრინციპული დამცველი და პროპაგანდას უწევს სუფთა, ნატურალური ღვინოების ფილოსოფიას:

"ერთი-ორი სიტყვით მინდა გითხრათ იმის შესახებ, თუ რას შეეხება ელისის წიგნი... ელისი ამ შემთხვევაში, და საერთოდ, ზოგადად, არის ნატურალური ღვინის მაქებარი და მოყვარული. მისი ეს წიგნი, პირველ რიგში შეეხება ასეთ ღვინოს. წიგნის სათაური ქართულად მართალია თარგმნეს როგორც "სრულქმნილი ღვინო", თუმცა ინგლისურ ვარიანტში, მინდა გითხრათ, რომ ელისის წიგნს ჰქვია NakedWine, ანუ შიშველი ღვინო. ეს ტერმინი ეკუთვნის ცნობილ ფრანგ ენოლოგს, ჟიულ შოვეს, რომელიც ითვლება ამ ნატურალური მეღვინეობის ერთ-ერთ ფუძემდებლად. არის ამ წიგნში კამათიც იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ნატურალური ღვინო და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო დეფინიციაა, რომელიც მე მომეწონა, ასე ჟღერს: "არაფერი დაუმატო, არაფერი ამოაკლო", ანუ ყურძნისგან მიიღო ის, რის საშუალებასაც გაძლევს ყურძენი".

წიგნის სათაურზე მეც მინდა გითხრათ ორი სიტყვა. მიუხედავდ იმისა, რომ მთარგმნელი, ნათია მენაბდე და კონსულტანტი ჯონ ვურდემანი, თავიანთ წინასიტყვაობაში ცდილობენ დამაჯერებლად ახსნან თუ რატომ თარგმნეს Naked, ანუ შიშველი ღვინო, "სრულქმნილად", მაინც მიმაჩნია, რომ სათაურის ასე გადმოტანა გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს. ღვინის სიშიშვლე პირველ რიგში მის პირდაპირობაზე, სიმართლეზე და გნებავთ დაუცველობაზეცმეტყველებს, ეს შიშველი, დედიშობილა ღვინო უბრალოებასაც გულისხმობს, სრულქმნილში კი პირიქით, მუდმივი დახვეწა და სრულყოფილებამდე მიყვანა იგულისხმება. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ქვეტექსტი შეიძლება ამ წიგნს მოუძებნო, არ ვიცი რამდენად გაიზიარებს ჩემს შთაბეჭდილებას წიგნის ავტორი, მაგრამ გასულ წელს, როდესაც ეს წიგნი აღმოვაჩინე amazon.com-ზე, სათაურის წაკითხვისთანავე ჰიპსტერული მოძრაობა გამახსენდა, თავად წიგნი კი ხუმრობით ბიტ თაობის ყველაზე ცნობილ რომანს, უილიამ ბეროუზის "შიშველ საუზმეს" (Naked Lunch) შევადარე.

ზემოთ ფილოსოფია ვახსენე და წიგნში ეს ფილოსოფიური პლანი ღიად თუ ფარულად განუწყვეტლივ იკითხება - წიგნს შესანიშნავი ფრანგი მოაზროვნის, სიმონა ვაილის სიტყვები უძღვის წინ, სხვადასხვა თავების ეპიგრაფებში კი შეხვდებით ტომას სტერნზ ელიოტის, ჰენრი ჯეიმსის, ემანუილ კანტის, ალბერტ აინშტაინის და სხვათა სიტყვებს. ფილოსოფიური პლანის თვალსაზრისით ერთ-ერთი საკვანძო აბზაცი წიგნის მეორე თავშია, სადაც ავტორს ნატურალური ღვინის მოძრაობის სათავეებთან მივყავართ და ასეთ უმნიშვნელოვანეს რამეს ამბობს: "ჩემი აზრით, ნატურალური ღვინის მოძრაობა კლასიკური ფრანგული წარმოშობისაა. ამ ქვეყანაში მომწონს ის, რომ აქ იდეებს და არგუმენტებს ჯერ კიდევ დიდი ყურადღება ექცევა". რა თქმა უნდა, დეკარტეს, მონტენისა და პოლ ვალერის ქვეყანა ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს გვაძლევს და თუკი კარგად დავუკვირდებით ამ სიტყვებს, მიხვდებით თუ რატომ დაიღუპა საბჭოთა პერიოდში ქართული მეღვინეობა და რატომ უჭირს ასე თანამედროვე ქართულ მეღვინეობას სწორ გზაზე დადგომა. იმიტომ, რომ იდეები და არგუმენტები არ არსებობდა ათწლეულების განმავლობაში, მოაზროვნე ადამიანები მოაკლდა სფეროს, გაიხსენეთ გეგმიური ეკონომიკის წლები, გაიხსენეთ თუნდაც ბოლო, ემბარგოს შემდგომი პერიოდი, როდესაც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მხოლოდ ერთი ადამიანის იმპრესიონისტული ვნებების მიხედვით წყდებოდა მთელი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ბედი. ეს წიგნი ადვილად დაგარწმუნებთ, რომ იდეათა ჭიდილი, აზროვნება, ძიებები, არგუმენტები, პრინციპულობა და გარკვეული ღირებულებების ერთგულება უმნიშვნელოვანესია ღვინის სამყაროში. სხვანაირად, ღვინო შეიძლება ერთრიგით მომწამვლელ სითხედიქცეს და არა სამკურნალო თვისებების მქონე ღვთაებრივ სასმელად.

ამ კუთხით ძალზე საინტერესოა თავად ტერმინის, "ნატურალური ღვინის"ისტორიაც, რომელზეც ძალიან ბევრს წერს ავტორი. იყო დრო, როცა "ნატურალური საკვები"განიხილებოდა როგორც საშიში ცნება, ნატურალური პროდუქტის მოყვარულები კი რომანტიკული შეხედულებების მსხვერპლად გამოჰყავდათ, ადამიანებად, რომლებიც რაღაც კონცეფციებმა აცდუნა და არა გემომ. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ საპირისპიროსაც კი გულისხმობდა ცნება "ნატურალური". აი მაგალითად, აშშ-ს ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს საგადასახადო და ვაჭრობის ბიურო "ნატურალური ღვინის" 2011 წლის განსაზღვრებაში სრულიად შესაძლებლად მიიჩნევდა წყლის, შაქრის, ხილის კონცენტრირებული წვენის, მალოლაქტიკური ბაქტერიების, საფუარის, მასტერილიზებელი და დამლექი საშუალებებისა და სხვა ნივთიერებების დამატებას ამ ე.წ. ნატურალური ღვინის წარმოებაში.

ეს წიგნი სტილურადაც ძალზე საინტერესოა, ხანდახან ნამდვილ პროზას კითხულობთ, რომელიც რბილად გადადის ჟურნალისტურ ნარკვევში, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევაში, აქვე წაიკითხავთ თავებს ნატურალური ღვინის თეორიისა და პრაქტიკს შესახებ, ბევრია საცნობარო შენიშვნებიც, პოეტური და იუმორისტული პასაჟები. ავტორი ზოგჯერ ზედმიწევნით ზუსტია და საკითხის ამოწურვას ცდილობს, ხანდახან კი ღიად ტოვებს თემას, ერთგვარ პოეტურ ნისლოვანებაში.

წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება თავად ავტორის, მთხრობელის პერსონაა, რომელიც კარგად მოჩანს წიგნში. მას უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ხანდახან მესამე პირშიც კი ახსენებს ელის ფეირინგს, ხშირად აღწერს თავის უცნაურობებს, პრინციპებს, ხან კეკლუცობს, ხანაც პირდაპირია, ერთგან თუ ამაყია, მეორეგან თვითირონია ხდება განმსაზღვრელი და ა.შ. მთავარია, რომ ელის ფეირინგი ცდილობს მართალ ღვინოზე წეროს და მართალი ღვინის ამბავი მიიტანოს მკითხველამდე. მითუმეტეს, არ დაგვავიწყდეს,რომ სიყალბის ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც თავის მხრივ შემდეგს გულისმობს: "რაც უფრო მეტია სიყალბე, მით უფრო მეტია მოთხოვნა ნამდვილზე."კარგია, რომ ეს მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება.

© radiotavisupleba.ge

ლიტერატურული უწონადობა - ალკოჰოლი – შოთა გაგარინი / მალხაზ ხარბედია


როგორ ვწეროთ და ვისაუბროთ ღვინოზე?

$
0
0

სალომე აფხაზიშვილი

სამშაბათს, ღვინის კლუბში გამართულმა ლექციამ ყველა იმ ტერმინსა თუ ადგილობრივ გამოთქმას მოუყარა თავი, რომლითაც საქართველოში ღვინოს აფასებენ. აქამდე თუ არ მოგისმენიათ, შეიძლება გაგეცინოთ კიდეც ღვინის დასახასიათებლად გამოყენებული ისეთი ტერმინების გაგონებისას, როგორიცაა, მაგალითად -  ბატის ჭუკის ფერი, სხივიანი, ჭყლიპურტა, კუშუპაური, შვლიპი, კრანჭა, უწუმპოური, სახარჯო ან ტოპრიკა ღვინო. პრობლემა, სწორედ მაშინ იქმნება, როდესაც აღნიშნული ტერმინები მხოლოდ პროფესიულ წრეებისა და კონკრეტულ დიალექტზე მოსაუბრე ადამიანების სალაპარაკო ლექსიკად რჩება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მეღვინეობა-მევენახეობის საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანაში,ღვინის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციას ვფლობთ და ენაც, რითიც ეს ღვინო შეგვიძლია დავახასიათოთ, საკმაოდ მწირია.

ღვინოზე წერისას და საუბრისას, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ მკითხველს ან მსმენელს აუცილებლად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ღვინის ისტორიის შესახებ და ყველა იმ ფაქტზე, რომელიც ქართული ღვინის განუმეორებლობას უსვამს ხაზს.

ინფორმაციის შეგროვებას კი პირველ რიგში ყველა იმ საფეხურის ცოდნა სჭირდება, რომელიც ღვინის წარსულით იწყება და მისი დაგემოვნებით მთავრდება. როდესაც ღვინოს გვისხამენ, პირველი რაც თვალში გვხვდება, ღვინის ელფერით გამოწვეული შთაბეჭდილებაა, ამიტომ ვიდრე მას გემოს გავუსინჯავდეთ, საჭიროა ზედმიწევნითი სიზუსტით გამოვყოთ ღვინის გარეგნული მახასიათებლები, რომელიც შემდეგ ტერმინებს მოიცავს: ცოცხალი, ხალისიანი, სხივიანი, ჩამქრალი, კრიალა, კამკამა, ახალი ან დავარგებული ღვინის დამახასიათებელი ფერი.

განსხვავებული ლექსიკით ახასიათებენ წითელ, ვარდისფერ და თეთრ ღვინოებს. თეთრყურძნინანი ქართული საღვინე ჯიშების დახასიათების მართებულია ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა - მომწვანო ჩალისფერი (ციცქა), ლიმნისფერი (მწვანე კახური), ჩალისფერი (წინანდალი მუხაში), ოქროსფერი (ახალგაზრდა ქვევრის კახური) და უნაბისფერი (კარგად დავარგებული ქვევრის კახური). ხოლო, თუკი სადმე ფერთა ისეთ პალიტრას გაიგონებთ, რომელიც ორაგულისფერის, მკრთალი ვარდისფერის, ჟოლსფერის, ლალისფერისა ან ძოწისფერისგან შედგება, დაიმახსოვრეთ, რომ ამ ტერმინებით ვარდისფერ ღვინოებს ახასიათებენ ხოლმე. მაშინ კი, როდესაც ჩამოთვლილ ფერებს სიმკვეთრე ემატება, ე.ი. წითელ ღვინოებს გთავაზობენ.

ღვინის ფაქტურის და ფერის შეფასების ეტაპს, სურნელის და არომატების დახასიათება მოყვება. ამ დროს ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ასოციაციები მინდვრის ყვავილებთან, მოთიბულ ბალახთან, ჩაის და სხვა სურნელებთან, რის გამოც არომატების განმსაზღვრელი ტერმინოლოგიაც ხშირად სწორედ ამგვარი ლექსიკით განისაზღვრება. თუმცა, ოდნავ უცნაური და განსხვავებულია წითელი ღვინის არომატები, რომელშიც ხშირად ხის, კენკრის, მურაბების, ჯემების, სანელებლების, ხილისა და შოკოლადის სურნელები შეიძლება აღმოაჩინოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ფერისა და არომატის მეტ-ნაკლები სიზუსტით აღწერა, გვაძლევს საშუალებას, რომ ღვინის დახასიათების მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი განსაკუთრებული წარმატებით გადავლახოთ. დაგემოვნების დროს ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: რბილი, მრგვალი, თბილი, გაშლილი, ჩამოყალიბებული, ჰარმონიული, სავსე, დაბალანსებული, მდიდარი და დახვეწილი ღვინო.

როგორც ჩანს, ქართული ლექსიკის მრავალფეროვნებას არც მეღვინეობის დარგში ვუჩივით, მთავარია რომ ამ ყველაფერის მოსმენის შემდეგ, ღვინოზე დაკვირვებისა და ფიქრის რამდენიმეწუთიანი პროცესი დაზარების გარეშე გავიაროთ, რადგან ეს ტერმინები ისეთი ელემენტარული და ქართველებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი პროცესის დასახასიათებლად გამოიყნება, როგორიც ღვინის ჩამოსხმა და მისი დალევით ტკბობაა.

ამ პრობლემის ინდივიდუალურ დონეზე გამოსწორებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ღვინის კომპანიებს ეკისრებათ, რომელთათვისაც, ღვინის არასათანადო დახასიათება და საკუთარი პროდუქციის შესახებ არასრულყოფილი ინფორმაციის გავრცელება, პირველ რიგში მომხმარებელთა უფლების დარღვევა  და არაეფექტური მუშაობის განმაპირობებელია. თუმცა ეს ცალკე სიუჟეტის თემაა, რომლის შესახებაც მომდევნო გადაცემებში აუცილებლად ვისაუბრებთ.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

ერეკლეს ქვევრი

$
0
0

ლუეონიძე 

საქართველოს სახელოვანი მეფე ერეკლე, გადახდილი ბრძოლების შემდეგ, ხანდახან სანადიროდ მიდიოდა ხოლმე.

ასე იყო შემოდგომის იმ მცხუნვარე დღესაც. ერეკლეს, თავისი ამალით, სოფელ ტოღნიანის მიდამოებში ენადირნა და უკან, თელავის სასახლეში გამობრუნებული, ამ სოფლის გზაზე მოდიოდა.

ჯერ თურმე გოგო-ბიჭებმა დაინახეს, სოფლის განაპირას რომ თამაშობდნენ. მაშინვე იცნეს, გამოიქცნენ და მთელ სოფელს ახარეს – მეფე ერეკლე მოდისო. სოფელში ისეთი სამხიარულო ჟრიამული დადგა, გეგონებოდათ ცა გაიხსნაო. მეზობელმა მეზობელს გადასძახა ღობიდან, ვინც მინდორში იყო, მიატოვა საქმე და მეფესთან შესაგებებლად გამოიქცა.

ამასობაში ქურანა ცხგნზე მჯდომმა ერეკლე მეფემ, თავისი ამალით, სოფელში შემოაღწია.

– იდღეგრძელე, ჩვენო მეფევ, ჩვენო მწყალობელო!

– ვაშაა! ჩვენს ერეკლეს გაუმარჯოს! – ისმოდა ხალხის აღტაცებული ხმები. მოხუცი თუ ბავშვი, ქალი თუ კაცი, მეფესთან ახლო მისვლას ცდილობდა. ერეკლე ყველას გულთბილად ესალმებოდა.

ერეკლემ ამ ზღვა ხალხში უცებ ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი.

–  ბიჭო ნიკავ, შენ აქაური ხარ? – დაიძახა ერეკლემ. თავისი ჯარისკაცი იცნო კახთბატონმა... ეს იყო ოცი წლის წინ. მას მერე ცოტა შებერებულა ნიკა ამირანაშვილი, მაგრამ ისევ მხნედ არის. მაშინ კი ჭაბუკი იყო. ცხარე ბრძოლაში გართულ ერეკლეს ზურგიდან ერთი დევის აღნაგობის ოსმალო წამოეპარა, ნიკამ დაინახა და ფარად აეფარა თავის სათაყვანო სარდალს. ნიკა რომ არა, ვინ იცის რით დამთავრდებოდა ის ბრძოლა.

თვალწინ დაუდგა ერეკლეს ეს სურათი, ცხენიდან ჩამოხდა და მოახლოებულ ამირანაშვილს გულმხურვალედ შეეგება. მეფის ამალაც ერთბაშად ჩამოქვეითდა.

ნიკამ მეფის წინ დაიჩოქა და მის კალთას ეამბორა.

–ჩემო ნიკავ, ძალიან მესიამოვნა შენი დანახვა! – წარმოთქვა ერეკლემ, მხრებზე ორივ ხელი მოავლო, წამოაყენა და გადაეხვია.

–მეც მენატრებოდა თქვენთან შეხვედრა, ბატონო მეფევ!

ხალხში ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

– დიდო მეფეო! – დაარღვია დუმილი ამირანაშვილმა, – დაღლილი იქნებით, გთხოვთ დამდოთ დიდი პატივი და თქვენი ამალით ჩემთან შგმობრძანდეთ. შეისვენეთ, ცოტა შენაყრდით და შემდეგ  გზა განაგრძეთ.

– მადლობელი ვარ, ჩემო ნიკავ, მაგრამ ამდენი ხალხით როგორ გეწვიო? რომ ძლიერ დაგაზარალებთ?

– არა უშავსრა, ბატონო მეფევ! ხუთსაპალნიანი ქვევრი სავსე მაქვს და ნუთუ არ გვეყოფა?

ამირანაშვილის შემდეგ ორ-სამმა ხანდაზმულმა გლეხმაც მეფეს გულითადად გაუმეორეს თხოვნა.

– რა გაეწყობა, მოვდივართ. ოღონდ ნანადირევი ჩეენი იყოს და ღვინო თქევნი! - ხალისიანად დასძინა სახეგაბრწყინებულმა ერეკლემ, და მოკლულ გარეულ ტახებზე მიუთითა, რომლებიც მის მხლებლგბს მოჰქონდათ.

ყველანი დაიძრნენ. ამირანაშვილის ფართო ეზოში რომ შევიდნენ, ერთ მხარეს სახელდახელოდ ცხენების დასაბმელი გააკეთეს. მიწაში ორკაპიანი ბოძები ჩაარჭეს, მასზე დიდი ხარიხა გადეს და თავები წნელებით გაუმაგრეს. ცხენებს პირიდან ლაგამები წამოაძრეს და აღვირებით მიაბეს. ჭაბუკებმა იქვე ორი თივის ზვინი დაშალეს და ცხენებს დაუყარეს.

– აბა, ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ, მომეხმარეთ. ჩვენს საყვარელ ერეკლეს ყველაფერი დროულად მივართვათ და დიდხანს არ დავაყოვნოთ, – შესძახა ამირანაშვილმა ახალგაზრდებს, როცა მათთან მარტო დარჩა. – მე ღორს გავასუფთავებ, ჩემო პეტრე, შენ ის მოზვერი წამოაქციე. ზურა, შენ ქათმები დაკალი. ქალებს წავეშველოთ, დანარჩენი თვითონ იციან. დედაკაცო! – გასძახა მოშორებით მდგარ მეუღლეს: ხომ ხედავ, რა ბედნიერი დღე გაგითენდა! მზადა ხარ თუ არა სტუმრის დასახვედრად.

– მაშა ქა! ბედზე პური თონეში მქონდა ჩაკრული. ნაზუქებს პელო მიცხობს. მა, რას ვიზამ, მეფესთან ხომ არ შეგარცხვენ? – უპასუხა მეუღლემ და თავშალი შეისწორა.

თავი მოიყარეს მეზობლებმა, ყველა საქმეში იყო გართული, ჯარასავით ტრიალებდნენ, ზოგი წყლის მოსატანად გარბოდა, ზოგი ქათმებს ასუფთავებდა. ზოგი მწვანილს და ზოგიც რას, ვინ მოსთვლის.

მეფე კაკლის ხის ქვეშ სკამზე მოთავსდა. მის ახლოს, აქეთ-იქით მხლებლები დასხდნენ. ახალგაზრდებიდან ზოგი მოლზე დაჯდა და ზოგიც ფეხზე იდგა.

საქმგში გართულმა ამირანაშვილმა თავის ქალიშვილს დაუძახა:

– გოგო ლიზა! მეფე ბატონს და მის მხლებლებს ჭადრაკი და ნარდი მოართვი! სტუმრებმა არ მოიწყინონ სანამ სუფრას გავშლიდეთ!

სულ მალე ყველა თამაშობამ გაიტაცა.

მასპინძელმა სუფრა დიდი კაკლის ხის ჩრდილში, მწვანეზე გააშლევინა. ქალიშვილები სუფრასთან ტრიალებდნენ, კოხტად აწყობდნენ ზედ ქორფა მწვანილს, შოთ პურებს, ნაზუქებს, ახალ თევზს, შემწვარსა თუ მოხარშულს. ნიკასა და მის მეზობლებს, რაც კი სანუკვარი რამ გააჩნდათ, ყველაფერი  მოიტანეს.

ლიზამ მამასთან მიირბინა და დაბალი, მღელვარე  ხმით უთხრა-

–მამი, სუფრა გავშალეთ, ყველაფერი მზად არი, გარდა ღვინისა. ქვევრს პირს ვინ მოხდის, ვინ ამოიღებს?

– ახლავე, შვილო! – უპასუხა მამამ, თავისი საქმე იქვე მდგომ ჭაბუკს მიანდო, თვითონ მეფისკენ გაეშურა და მორიდებით მოახსენა:

– ჩვენო საყვარელო მეფევ! ასეთი ბედნიერი დღის აღსანიშნავად, გთხოვთ ქვევრს თქვენი ხელით მოხადოთ თავი და პირველი ღვინით სავსე ხელადაც თქვენვე ამოიღოთ.

ერეკლემ უპასუხა:

– მაგაზე როგორ გაწყენინებ, ჩემო ნიკავ!

მეფემ ნარდის თამაშს თავი მიანება, წამოდგა და მასპინძელს გაჰყვა. მარანში რომ შევიდნენ, მეფეს ნიკამ თოხი მიართვა. სახეგაბრწყინებულმა ერეკლემ ჩამოართვა და ქვევრს ჯერ მიწა ფრთხილად შემოაცალა, შემდეგ დაიჩოქა, თითებით მიწის ნარჩენები ნაპირებს მოაშორა, მოწმინდა და ქვევრს სარქველი ახადა. შუშხუნა ღვინომ მეფეს სასიამოვნო სურნელი შეაფრქვია.

– მადლიანი ღვინო მოგიყვანია, დაგელოცოს მარჯვენა! – თქვა მეფემ და ამირანაშვილს შეხედა. მეფის შექებამ მასპინძელს სიხარულის ფრთები შეასხა.

ერეკლეს მაშინვე ხელადა მიაწოდეს, მან კურთხეული მკლავით ჭურჭელი ქვევრში ჩაუშვა და აავსო.

პირსავსე ხელადა თვითონ მეფემ წაიღო და სუფრის თავში დადგა. ახალგაზრდებმა ხელადები, დოქები, თუნგები შეავსეს და სუფრასთან მიიტანეს.

სტუმრები, ღირსებისდა მიხედვით, სუფრას შემოუსხდნენ.

პირველი სადღეგრძელო სამშობლოს მიუძღვნეს, მეორედ – ერეკლეს სადღეგრძელო დალიეს. ამ ორი თავისუფალი სადღეგრძელოს შემდეგ თამადობა მეფეს მიულოცეს და ისიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

თვალებცქრიალა ქალიშვილები, აწითლებული ლოყებით, სუფრის გარშემო ფუსფუსებდნენ და სტუმრებს ცვრიან მწვადებს აწოდებდნენ.

დროსტარება გვიანობამდე გაგრძელდა. ბოლოს ნასიამოვნები მეფე წამოდგა, ამირანაშვილს მხარზე ხელი დაადო და მხიარულად უთხრა:

– მართლაც რომ კარგი დრო გაგვატარებინე, შენს პატივისცემას არ დავივიწყებ. სამაგიეროდ, რასაც მთხოვ, შეგისრულებ!

– ამაზე მეტი რაღა ვინატრო, დიდო მეფევ, ჩემს ოჯახში გხედავ! – უპასუხა ამირანაშვილმა.

– არა, არა, თუ რაიმე გულითა გსურს, ნუ მომერიდები, მითხარი და შენს სურვილს აგისრულებ – მტკიცედ გაუმეორა მეფემ.

– ჩემთვის ეს ბედნიერებაც საკმარისია, დიდო მეფევ!

მაშინ ერთმა მოხუცმა მეზობელმა ერეკლეს მიმართა:

– ჩვენო მწყალობელო, ნიკა პატიოსანი და მართალი კაცია. ნაცვლობა უბოძე. სოფელს მაგისთანად ვერავინ მოუვლის.

– აგრე იყოს, – დაიძახა ერეკლემ და ნიკას მიუბრუნდა – ყოჩაღი ხარ და მჯერა, მაგ მოვალეობასაც კეთილსინდისიერად შეასრულებ!

ამირანაშვილი ჯერ ხელზე ემთხვია, შემდეგ დაიჩოქა, მეფის სამოსელის კალთა შუბლთან მიიტანა და მის ბოლოს ეამბორა.

მეფე და მისი ამალა მასპინძლებს გულთბილად დაემშვიდობნენ. 

 

* * *

მეფე ერეკლემ მეორე დღეს ამირანაშვილს ნაცვალთბოძების ფურცელი გამოუგზავნა და მას თეთრიც მოაყოლა.

ამირანაშვილმა ფული თანასოფლელებს გაუნაწილა.

ამ ღირსშესანიშნავი ამბის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. სოფელმა ამირანაშვილები ნაცვლიშვილებად მონათლა. ხუთსაპალნიანი ქვევრი შვილიდან შვილზე გადადიოდა. ბოლოს ნიკა ამირანაშვილის შვილიშვილის შვილმა, იმავე სოფელ ტოღნიანის მცხოვრებ ალექსანდრე ლეონიძეს ის  ქევერი ქურანა ცხენში გაუცვალა (ალექსანდრე  ლეონიძე მამაჩემი იყო).

მამაჩემმა ის ქვევრი თავის მარანში გადაიტანა. იმ ქვევრმა ჩვენს დრომდე მოაწია და ტოღნიანელები მას ახლაც ერეკლეს ქვევრს ეძახიან.

 (ნოველა 1969 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „დროშაში“)

ქართული ღვინოების გამარჯვება ჩინეთში

$
0
0

ქართულმა ღვინოებმა, ახლა უკვე, ჩინეთში მოიპოვეს მნიშვნელოვანი აღიარება.

ღვინის კომპანიები - „შუმი“, „შატო მუხრანი“ და „GWS“ ჩინეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოებიდან სამი ორმაგი ოქროს, ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდებიან.

CWSA (China Wine and Spirit Awards) ჩინეთში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყველაზე მასშტაბური კონკურსია, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები მონაწილეობენ. ჟიური დაკომპლექტებულია 100-ზე მეტი ექსპერტისგან - ჩინეთის ბაზარზე მოქმედი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სომელიეებისგან. წელს მათ ბრმა დეგუსტაციაზე 35-ზე მეტი ქვეყნიდან ასობით დასახელების პროდუქტის შეფასება მოუხდათ.

კომპანია „შუმის“ ქინძმარაულმა (2013) და მუკუზანმა (2013) ორმაგი ოქროები მოიპოვა, ამავე კომპანიის ნაფარეულმა (2013) კი - ვერცხლის მედალი.

„GWS“ თამადა ქინძმარაულმა (2013) ორმაგი ოქროს, მათი წარმოების თამადა საფერავმა (2012) ოქროს, ხოლო თამადა მუკუზანმა (2009) - ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მფლობელი გახდა „შატო მუხრანის“ ღვინოები - საფერავი (2012), მუსკატი, Reserve du Prince (2010, 2012) და სოვინიონ ბლანი (2011).

CWSA-ში მონაწილეობა რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი ქართველი მეღვინეებისთვის - მათ პროდუქციას გაეცნობა და შეაფასებს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების სფეროში მოღვაწე ათეულობით გამოცდილი ექსპერტი. მათ მიენიჭებათ სერტიფიცირების აღმნიშვნელო სტიკერები, რომლის დატანა შესაძლებელი იქნება პროდუქტის შეფუთვაზე. რაც მთავარია, გამარჯვებული მეწარმეები მიიღებენ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს ჩინეთში ღვინის ბაზარზე სამომავლო წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ღონისძიება ითვალისწინებს გამარჯვებული პროდუქციის შემდგომ პოპულარიზებას ჩინეთის მედიაში

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

"სად დაიწყო ეს ყველაფერი?" - მეღვინეობის სათავეები ოზ კლარკის ახალ წიგნში

$
0
0

ქეთო ნინიძე

ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს ბრიტანელმა ღვინის კრიტიკოსმა, ცნობილი ტელეპროექტების სახემ, ოზ კლარკმა სულ ახლახანს, ახალი სქელტანიანი გამოცემა ღვინის ისტორია 100 ბოთლში: ბაკხოსიდან ბორდომდე და შემდგომ (The History of Wine in 100 Bottles: From Bacchus to Bordeaux and Beyond) შესთავაზა. წიგნში ავტორი უღრმავდება ღვინის ისტორიას, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციების განვითარების თანამდევ პროცესს და მკითხველს მოუთხრობს სხვადასხვა გამოცდილებების (სამხრეთ კავკასია, ანტიკური საბერძნეთი, ეგვიპტე, რომი, შუა საუკუნეების სამონასტრო პრაქტიკები და სხვ.) შესახებ. კლარკი იკვლევს და განიხილავს 100 ბოთლს, სხვადასხვა დროისა და ადგილის მეღვინეობებიდან, რომლებმაც მსოფლიოში მეღვინეობის ისტორიაში ყველაზე დიდი გავლება იქონია. 

პოპულარული ხასიათის ისტორიული ნარკვევის პირველი თავი - „ძვ. წ.  6000. სად დაიწყო ეს ყველაფერი?“ (6000 BC, Where did it all Start?) საქართველოს, როგორც მეღვინეობის სამშობლოს, ეთმობა. კლარკი, რომელიც ახალი სამყაროს მეღვინეობის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო დიდ ბრიტანეთში, მოხიბლულია ქართული ქვევრის ღვინით და აღნიშნავს, რომ ეს არის მსოფლიოს ღვინის სამყაროს აღმოჩენა. მან შეიძლება განცვიფრებაში მოიყვანოს ადამიანები, ღვინოსთან ურთიერთობის დიდი გამოცდილებით. 2011 წლის ქვევრის ქისი მას იზიდავს ღია ქარვის ფერით, წითლების დარი სხეულით, თივის, ატმის, ფორთოხლის ცედრას პიკანტური და ლეღვის ჩირის მდიდარი არომატებით. ამ კომპლექსს ის აღიქვამს ღვინოდ, რომელიც ღვინის წარმოშობისა და ველური ვაზის მოთვინიერების ისტორიასთან დაგვაბრუნებს, 8000 წლით ადრე ახალ წელთაღრიცხვამდე.

კლარკი საკმაოდ სკრუპულოზურად აღწერს ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. (აღსანიშნავია, რომ ტერმინ „ქვევრის“ მოხსენიებისას ის ასო „K“-ს იყენებს (Kvevri)  და არა - Q-ს (Qvevri). მწერალი უღრმავდება ბიბლიურ ისტორიებსაც, კერძოთ, ამბავს ნოეს შესახებ, რომელიც ბიბლიაში გვევლინება, როგორც ერთ-ერთი პირველი ადამიანი, ვინც ვაზი გააშენა. ამასთან დაკავშირებით, კლარკი აყალიბებს თავის მოსაზრებას, რომ ეს არის არა ლეგენდა, არამედ არქეოლოგიური მტკიცებულებებით მეცნიერულად გამყარებული სინამდვილე, რაც ადასტურებს, რომ, დაახლოებით, ამ ტერიტორიაზე, არარატის მთასთან ახლო, ან ოდნავ უფრო ჩრდილოეთით, საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა ველური ვაზის კულტივირება. გარდა ამისა, კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ევროპული ჯიშების უმრავლესობა, სწორედ, უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისგან აღმოცენდა. 

განათლებით მსახიობმა და მომღერალმა ოზ კლარკმა ღვინის მწერლობას 80-იან წლებში მიჰყო ხელი Sunday Express-სა და Daily Tepegraph-ში. ამავე პერიოდში ის გახდა BBC-ის ცნობილი პროექტის Food and Drink-ის მონაწილე. დღეს ის რამდენიმე პრემირებული წიგნისა და ტელეპროექტის ავტორი და ტელესახეა. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია BBC-ის პროექტი Oz and James’s Big Wine Adventure. 2008 წელს ღვინის მოყვარულთა შორის ჩატარებული კვლევის საფუძველზე ოზ კლარკი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილ ღვინის კრიტიკოსად აღიარეს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

ღვინის პორტრეტები. კახა გორდეზიანი

$
0
0

ქეთო ნინიძე

როგორც კახა გორდეზიანი ამბობს, ერთი ქართული გამოთქმის არ იყოს, რაჭაში „ყმაწვილი“ „კაცად“ მაშინ იწოდება, როცა სახლს ააშენებს, შვილს იყოლიებს და ვენახს გააშენებს. თვითონ კახა სამი ათეული წელია, მეღვინეობითაა დაკავებული. 

მას მეღვინეობის ტრადიცია ოჯახიდან მოსდევს. ეს ტრადიცია მას არამხოლოდ წინაპრების  დაკვირვებებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებული ცოდნის სახით გადაეცა, არამედ - პროფესიული, ენოლოგიური, დარგობრივი ცოდნის სახითაც. 

როგორც ყველა ჩვენი გმირი, ვისი მშობლებიც ღვინოსთან თავიანთი პროფესიით გადაიკვეთებოდნენ, კახაც ამ სფეროს ბავშვობიდან გაეცნო. დედამისი ჭრებალოს ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე იყო, მამა და ბაბუა - აგრონომები, მუშაობდნენ კოლმეურნეობის სისტემაში. მათ შორის, ბაბუა საბჭოთა კავშირში რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომი გახლდათ. კახას ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგონებაა, როგორ რგავდა რვა წლის ასაკში ვენახს საკუთარ ეზოში, სოფ. ჟოშხაში, ბაბუას მეთვალყურეობით. 

მათი სახლი ძალიან მცირე მანძილით, 300-400 მ.-ით იყო დაშორებული ჭრებალოს ღვინის ქარხნიდან, სადაც მთელი ბავშვობა და სკოლის წლები აქვს გატარებული. მისი ბავშვობის ამ მეხსიერების მთავარი კადრია ნახევარტონიანი ხის კასრები ჭრებალოს ქარხნის ეზოში. დროთა განმავლობაში ეს საწარმო, ეს ეზო მისთვის სამუშაო გარემოდ იქცა. 

დღეს ჭრებალოს ღვინის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს. თუმცა ის რაჭის მეღვინეობის ისტორიის ერთ-ერთი ეტაპის სახეა. 90-იანი წლების შემდეგ, როცა ქარხანა ძალებს იკრებდა და იდეალურად აწყობდა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს რუსეთის ბაზარზე, ურთიერთობები ჩრდილოეთთან შეიცვალა. თუკი ადრე რაჭის მეღვინეობებს შოვიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ხვანჭკარას პირდაპირი არხები ჰქონდათ გაჭრილი რუსეთის ბაზრისკენ, დღეს ისინი უფრო სკეპტიკურად უყურებენ ერთ ბაზარზე დამოკიდებულების საკითხს, ვიდრე ოდესმე. 

1984 წელს კახამ საშუალო სკოლა დაამთავრა და ცოტა ხნით ჭრებალოს ღვინის ქარხანაში მუშად იმუშავა, შემდეგ კი თბილისში, აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბარა. უნივერსიტეტი მეღვინეობის ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით ოდნავ მოგვიანებით, 1992 წელს დაამთავრა, რადგან სავალდებულო სამხედრო სამსახურმა მოუწია. 

კახას სადიპლომო ნაშრომი ხვანჭკარას შეეხებოდა. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვაზიდან, ყურძნის გადამუშავებამდე და ყველა იმ პროცედურამდე, რაც ამ დასახელების ღვინის დაყენებას ახლავს თან. ამდენად, ის ხვანჭკარას ძალიან კარგი მცოდნეა. კახა მიიჩნევს, რომ 80-იანი წლების „ხვანჭკარა“ დღევანდელისგან საკმაოდ განსხვავდება, კერძოდ, მაშინდელი ყურძენი რთვლის მომენტში გაცილებით მაღალი შაქრიანობით იყო გამორჩეული, ვიდრე - დღეს. ამას ის, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილებებთან აკავშირებს, მეორე მხრივ - მევენახეების მხრიდან ვაზის მსხმოიარობისადმი დაინტერესებით ხსნის. 

1992 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კახა გორდეზიანი ჭრებალოს ქარხანას დაუბრუნდა, თავდაპირველად, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლად. აქ ის ცნობილ მეღვინესთან, იმარ ჭელიძესთან ერთად მუშაობდა, ვისგანაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მიიღო. ჭრებალოს ქარხანა საკმაოდ რთულ ეკონომიკურ გარემოში აწარმოებდა ხვანჭკარას, თეთრას, მშრალ ალექსანდროულს, ტვიშსა და ოჯალეშს. 

ერთი ქარხნის მაგალითი კარგად წარმოაჩენს, ზოგადად, რაჭის მეღვინეობის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას. 

1992 წელს, როცა კახამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, საქართველოში ძლიერი ეკონომიკური კრიზისი იყო. ქარხანაში წამოება შეჩერებული იყო და  ნომინალურად ფუნქციონირებდა. 1996 წლიდან გამოჩნდა ინვესტორი და იმ წელს, ჯერ კიდევ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჭრებალოს ღვინის ქარხანამ 20 ტ. ყურძენი გადაამუშავა. ნელ-ნელა წარმოების მასშტაბები გაიზარდა და 2002-2003 წლებში მისი ხვანჭკარა რუსეთის ბაზარზე უკვე ცნობადობით სარგებლობდა. რეალიზაციის მასშტაბები, მხოლოდ რუსეთში, 100 000 ბოთლს აღწევდა. 

ეს იყო საწარმო, რომელმაც 90-იან წლების კრიზისის პერიოდში პირველმა მისცა დასრულებული სახე ღვინის წარმოებას. სხვა ქარხნები მართალია, ფლობდნენ ვენახებს, იღებდნენ ყურძენს, მაგრამ ზოგადად, ღვინის პროდუქტსა და ბრენდს - „ხვანჭკარა“ 90-იანი წლების რაჭაში პირველად, სწორედ, ჭრებალოს ღვინის ქარხანა ქმნიდა. ამას მოჰყვა ხვანჭკარასა და ამბროლაურის ღვინის საწარმოები. 2000-იანი წლებიდან კი რაჭის რეგიონით დიდი კომპანიები - GWS, თელიანი ველი და სხვები დაინტერესდნენ. ამ პერიოდიდან იწყება მსხვილი კომპანიების მიერ ხვანჭკარას წარმოება და, შესაბამისად, რეგიონში მევენახეობის გაფართოება. 

როგორც ყველა მეღვინეობა, რომელიც ერთ დომინანტ ბაზარზე იყო დამოკიდებული, რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ ჭრებალოს ქარხანა დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. 2006 წლის შემდეგ მან წარმოება შეაჩერა. კახა ბუგეულის ღვინის ქარხანაში მიიწვიეს, სადაც, უკვე სხვა მიმართულებით განვითარდა წარმოება - ახალი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიები. ხის კასრები უჟანგავმა ცისტერნებმა ჩაანაცვლა. 

ბუგეულის ქარხანა 2003 წლიდან ფუნქციონირებს. კახამ აქ მთავარ მეღვინე-ტექნოლოგად 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა. საწარმოს თავისი ვენახები აქვს, საიდანაც 50-60 ტ. ყურძენს იღებენ, თუმცა, ძირითად მიმწოდებლებად კვლავ გლეხები რჩებიან. როგორც კახა აღნიშნავს, ფერმერული მეურნეობების წინაშე რაჭაში, საკმაოდ მწვავედ დგას ნერგების ხარისხის პრობლემა. თუკი მსხვილი კომპანიები თავიანთ ვენახებს სერტიფიცირებული ნიმუშებით გააშენებენ, გლეხები ამას ვერ ახერხებენ, რაც ყურძნის ხარისხზეც შესაბამისად აისახება. 

2014 წელს ბუგეულის საწარმომ სახელმწიფოს იაფი კრედიტით ისარგებლა, თუმცა, წარმოების გაფართოება დიდ ბაზრებზე კრიზისისა და ლარის გაუფასურების პროცესებს დაემთხვა, ეს კი პოტენციურად, დიდი რისკების შემცველი გახდა მათი ბიზნესისთვის. 

ბუგეულის საწარმოს მსგავსად, რუსეთის ემბარგოს გაუქმებით დაიმედებულმა რაჭველმა ფერმერებმა 2014 წელს მასშტაბურად დაიწყეს ვენახების გაფართოება და ისინიც საკმაოდ მწვავე პრობლემების წინაშე დადგნენ. რეგიონში დიდი კომპანიების მხრიდან, აშკარად, იკლებს ინტერესი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებისადმი, რაც, მათი მთავარი შემოსავლის წყაროა. კახა გორდეზიანის თქმით, ამ უარყოფით მოვლენას შეიძლება, დადებითი ეფექტებიც ჰქონდეს და ფერმერებს დამოუკიდებლად მოუხდეთ ამ ჩიხიდან გამოსავლის პოვნა, მაგალითად, შეუდგნენ საკუთარი სავენახე რესურსების გამოყენებას თავიანთ მეღვინეობებში, სცადონ ახალი ბაზრების მოძიება და სხვ. 

2004 წელს კახა ჩართული იყო GDZ-ის პროექტში „ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მან წარმატებით გაიარა კონკურსი და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა. 2004 და 2008 წლებში, ამავე პროექტის ფარგლებში, ორჯერ ესტუმრა გერმანიას, მაისენის მხარეს და გაეცნო კოოპერაციული მუშაობის იქაურ პრაქტიკას. ეს მოდელი - მევენახეებისა და მეღვინეების თანამშრომლობითი საქმიანობა -მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა თვლის, რომ საქართველოში ამგვარი კოლაბორაციის დამკვიდრებას ამ მიმართულებით ფერმერების ცნობიერების ამაღლება სჭირდება. ჯერჯერობით, გლეხები სწრაფი სარგებლის მიღებას ამჯობინებენ - „დღევანდელი კვერცხის“ პრინციპით; ბიზნესის გრძელვადიანი ხედვის გამჭრიახობას ნაკლებად ავლენენ. გარდა ამისა, მამა-პაპათა მიერ ბუნების დაკვირვებებზე დაფუძნებული ცოდნა დღეს მივიწყებას ეძლევა, ან ამ დაკვირვებებს მითები ჩაანაცვლებს. ახალ ცოდნას გლეხების დიდი ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. ბევრ მათგანს ახლის სწავლის სურვილი არ აქვს. 

კახა ოჯახურ მეღვინეობასაც უძღვება. 2003-2006 წლებში ის საკუთარ ვენახებს აშენებდა სოფ. ჟოშხაში, ჭრებალოს თავზე. მისი სოფელი, მართალია, ზღვის დონიდან 450 მ-ზეა, დაახლოებით, თბილისის სიმაღლეზე, მაგრამ ვენახები საკმაოდ რთულ რელიეფზეა გაშენებული, რაც დიდ ფიზიკურ შრომას ითხოვს. თავისი ვენახებიდან ის 5 ტონამდე ყურძენს იღებს. საკუთარ ეზოში მცირე სანერგეც აქვს მოწყობილი, რომელსაც სხვადასხვა რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებით ამდიდრებს - ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული საფერავი, რაჭული მცვივანი, წულუკიძის თეთრა, უსახელოური, ლეჩხუმური ოჯალეში და სხვ. 

საოჯახო მეღვინეობას, რომელსაც კახა და თავისი ბიძაშვილი უძღვებიან, Gordeziani Family Wines (GFW) ჰქვია. სახელი, ალბათ, უკვე ის გზავნილია, რომელიც რაჭის თანამედროვე მეღვინეობის, ახალი ისტორიის ტენდენციას გამოხატავს. ეს არის, დასავლეთის ბაზრებზე თავის დამკვიდრების საფუძვლიანი და ჯანსაღი ამბიცია; გარდა ამისა, გზავნილი - „ოჯახური“, წარმოადგენს ბრენდს, რომელიც ამ ახალ ბაზრებს ავთენტურ და უნიკალურ ქართულ პროდუქტს სთავაზობს. 

კახა ფიქრობს, რომ მეღვინეობა არამხოლოდ მისი პერსონალური გადაწყვეტილება და ნება, არამედ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. მათმა თაობამ შვილებს სწორად უნდა მიაწოდონ ეს კულტურა, რათა სხვადასხვა ფაქტორების გამო, ტრადიცია არ შეწყდეს. ამიტომ განსაკუთრებით ოპტიმისტია იმ დროს, როცა საუბრობს საკუთარი შვილების შესახებ. ქალიშვილს, მეთორმეტეკლასელ მარიამს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილებს, რომ მამის საქმიანობა გაგრძელოს. 

ვაზი, ღვინო ურთიერთობაა. ის და ადამიანი ურთიერთს იზიდავენ და ერთმანეთში მსგავს ხასიათებს პოულობენ, ათვინიერებენ ერთმანეთს - ასე თვლის კახა გორდეზიანი. მისი დაკვირვებით, რაჭაში განსაკუთრებული თავმდაბლობით, შრომისმოყვარეობითა და კეთილშობილებით იმ მხარეებში გამოირჩევიან, სადაც ვაზთან მუშაობენ. ვაზისა და ღვინის მეგობარი კი ზომიერია როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე, ღვინის მოხმარებაში. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

Viewing all 392 articles
Browse latest View live